პაპუაშვილი განმარტავს, რას გულისხმობენ, როდესაც „შავ ფულზე“ საუბრობენ

24-04-2024 12:24:31 პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი განმარტავს, რას გულისხმობენ, როდესაც „შავ ფულზე“ საუბრობენ.

იგი ევროპარლამენტარების მიერ საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს იყო "ვიზუალიზაცია იმისა, თუ როგორ ესმით თურმე ევროპული ღირებულებები ზოგიერთ ჯგუფებს ევროპაში".

"გუშინ პირდაპირ ვნახეთ კადრები, ფოტოები და შინაარსი. აღმოჩნდა, რომ თურმე ამ ჯგუფისთვის ევროპული ღირებულება არის სისხლის სამართლის დამნაშავესთან გვერდში დგომა და ბრიფინგების ჩატარება. ვგულისხმობ იმ დეპუტატებს, რომლებიც ბრიფინგზე იდგნენ, იქ ხომ არ იდგა მთელი პარლამენტი?

მეორე, აღმოჩნდა, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება ყოფილა ევროპული ღირებულება, აღმოჩნდა, რომ თურმე პოლიციელზე თავდასხმა ყოფილა ევროპული ღირებულება, ესეც გავიგეთ გუშინ ამ ჯგუფისგან. ევროპარლამენტარების ეს ჯგუფი როცა გველაპარაკება, რომ ჩვენ ევროპულ ღირებულებებს არ შევესაბამებით, ამას გულისხმობს, რომ გვერდში არ ვუდგავართ კრიმინალებს, თავს არ ვესხმით პოლიციას, მიხეილ სააკაშვილი, როგორც სისხლის სამართლის დამნაშავე, ციხეშია. თურმე ამას რომ ვაკეთებთ, ეს ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს. მე მგონი, ვხედავთ, რომ პრობლემა სწორედ იმაშია, რომ ეს ჯგუფი აბსოლუტურად აცდენილები არიან არათუ ევროპულ ღირებულებებს, არამედ ადამიანურ ღირებულებებსაც კი. რაც შეეხება შინაარსს, გუშინ გამომსვლელებს შორის იყვნენ ადამიანები, ვინც არიან თავად მონაწილე საქართველოში ფარული დაფინანსებისა პოლიტიკური პარტიების და რადიკალური ჯგუფების. იატაკქვეშა ფულის ხარჯვა ხდება საქართველოში ევროპის დემოკრატიის ფონდის მიერ, ამ ფონდის მმართველობაში არიან ევროპარლამენტარები. იმართება ევროპარლამენტარების მხრიდან. მათ შორის, ანა ფოტიგა, მიხეილ გალერი არიან მმართველ საბჭოში. ასე რომ, ეს კანონპროექტი მათაც და მათ გამჭვირვალობასაც ეხება და ინტერესთა კონფლიქტია, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ. ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ თავად არ იყვნენ გამჭვირვალეები და ფარულად დახარჯონ ის ფული, როგორც აქამდე ხარჯავდნენ. შეგახსენებთ, რომ ამ ევროპარლამენტარების მმართველობით, საქართველოში ფარულად ფული იხარჯება რადიკალურ პარტიებზე, „დროაზე“, მაგალითად, იხარჯება რადიკალურ ჯგუფებზე, „სირცხვილიაზე“, მაგალითად, იხარჯება „მოლოტოვის კოქტეილის“ რომანტიზებაზე. ასეთ ინფორმაციას, სამწუხაროდ, კანონის არარსებობის პირობებში, რა თქმა უნდა, ვერ ვიგებთ პირდაპირ და შემთხვევით ვიგებთ ხოლმე. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ „შავ ფულზე“, აქ არ ვგულისხმობთ საგადასახადო მნიშვნელობით „შავ ფულს“, აქ ვგულისხმობთ ფულს, რომელიც უცნობია ჩვენი საზოგადოებისთვის და ისე იხარჯება, რომ თავს მოახვიონ გარკვეული აზრები“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები