Bloomberg: სი ძინპინი მაისში ბელგრადს ეწვევა

24-04-2024 11:54:54 მსოფლიო

ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი სერბეთს ეწვევა მაისში, 1999 წელს ბელგრადში ჩინეთის საელჩოზე განხორციელებული თავდასხმის 25 წლისთავზე. იტყობინება Bloomberg.

სააგენტოს თანამოსაუბრეების თქმით, ჩინეთის ლიდერი ბალკანეთის ქვეყანაში დაახლოებით 7 მაისს ჩავა.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს არ გაუკეთებია კომენტარი ამ ვიზიტის თაობაზე.

როგორც სააგენტო აღნიშნავს, ჩინეთსა და სერბეთს შორის კავშირები სის მმართველობის პერიოდში გამყარდა. თებერვალში სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა ჩინურ სახელმწიფო მედიას განუცხადა, რომ „ტაივანი ჩინეთია“ და მხარი დაუჭირა პეკინის პრეტენზიას კუნძულზე.

სი ბოლოს სერბეთს 2016 წელს ეწვია და გახდა ჩინეთის პირველი ლიდერი, რომელმაც პატივი მიაგო ყოფილი საელჩოს ტერიტორიაზე დაღუპულებს.

მედიის ცნობით, ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი ევროპის ვიზიტს მაისში გეგმავს და ეს იქნება მისი პირველი ვიზიტი ამ კონტინენტზე კოროვირუსული პანდემიის შემდეგ.

მედიაში ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სი შესაძლოა, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტსაც ესტუმროს - უნგრეთის უსაფრთხოების სამსახურმა უკვე დაიწყო მკაცრი უსაფრთხოების ზომების მიღება ჩინეთის დელეგაციის ვიზიტისთვის.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები