რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე დააკავეს

24-04-2024 10:01:25

რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ტიმურ ივანოვი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს. გამოცემა "მედუზას" ცნობით, მის წინააღმდეგ გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების მუხლით მიმდინარეობს, საუბარია მინიმუმ ერთ მილიონ რუბლზე.

საგამოძიებო კომიტეტი საქმის დეტალებს არ აკონკრეტებს. როდის დააკავეს ივანოვი ჯერ-ჯერობით უცნობია.

"23 აპრილის შუადღისას იგი თავდაცვის სამინისტროს სხდომას დაესწრო, რომელსაც მინისტრი სერგეი შოიგუ ხელმძღვანელობდა", - იუწყება RBC.

კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პუტინი დაკავების შესახებ ინფორმირებულია.

"წინასწარ იყო ინფორმირებული თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუც", - განაცხადა პესკოვმა.

"მედუზას" ცნობით, ივანოვი შოიგუს გუნდის წევრია და თავდაცვის მინისტრის მოადგილის "პოსტს" 2016 წლიდან იკავებდა. ივანოვი ზედამხედველობდა სამინისტროს ობიექტების მშენებლობას, რეკონსტრუქციასა და რემონტს, სამხედრო იპოთეკებს, ასევე პასუხისმგებელი იყო რუსეთის შეიარაღებული ძალების საბინაო და სამედიცინო დახმარებაზე, ქონების მართვასა და ჯარების დაყოფაზე.

2019 წელს ივანოვი მოხვდა ჟურნალ Forbes-ის მიერ შედგენილ უსაფრთხოების უმდიდრეს მაღალჩინოსანთა რეიტინგში. 2018 წლის შედეგების მიხედვით, გამოცემამ მისი ოჯახის შემოსავალი შეაფასა 136,7 მილიონი რუბლად, ხოლო ივანოვის შემოსავალი 13,6 მილიონ რუბლად.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები