ევროკომისარი კრიზისების მართვის საკითხებში: საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს მოვუწოდებ, გაიწვიონ კანონპროექტი, როგორც ეს გასულ წელს მოხდა

23-04-2024 20:30:19 პოლიტიკა

ევროკომისარი კრიზისების მართვის საკითხებში იანეზ ლენარჩიჩი საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს მოუწოდებს, გაიწვიონ "აგენტების" შესახებ კანონპროექტი. ამის შესახებ მან ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, თუ კანონი იქნება მიღებული , ის ძირს გამოუთხრის საქართველოს პროგრესს ევროკავშირისკენ გზაზე.

"საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს მოვუწოდებ, გაიწვიონ კანონპროექტი, როგორც ეს გასულ წელს მოხდა. ნათელია, რომ ეს კანონპროექტი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს. თუ მიღებული იქნება, ის ძირს გამოითხრის საქართველოს პროგრესს ევროკავშირისკენ გზაზე. ქართველების მომავალი ევროკავშირშია. კანდიდატის სტატუსმა, რომელიც გასულ წელს მიენიჭა [საქართველოს], ჩვენი ურთიერთობები ყველაზე მეტად დააახლოვა. ჩვენი კარი ღიაა, ასე რომ, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს ასახონ მოქალაქეების მოლოდინები. სამოქალაქო საზოგადოებისა და მედია ორგანიზაციები მუშაობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია ნებისმიერი დემოკრატიისთვის. საქართველოს ძალიან ცოცხალი სამოქალაქო საზოგადოება ჰყავს, რომელმაც წვლილი შეიტანა ქვეყნის ევროკავშირის წევრობისკენ წარმატებასა და პროგრესში", - განაცხადა ლენარჩიჩმა.

ცნობისთვის: „ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავდა ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა.

კანონპროექტის განხილვა პარლამენტში 15 აპრილიდან ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. 15 აპრილის შემდეგ საპროტესტო აქციები არ წყდება საკანონმდებლო ორგანოსთან. 16 აპრილს პარლამენტის შენობის ერთ-ერთ შესასვლელთან აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეცრაზმმა სავარაუდოდ, სპეციალური საშუალება, გაურკვეველი სითხე გამოიყენა დემონსტრანტების წინააღმდეგ. ამასთან, მოგვიანებით, სოციალურ ქსელებსა და მედიაში გავრცელდა კადრები, რომელშიც ასახულია, რომ სპეცდანიშნულების რაზმი მოქალაქეებს ფიზიკურად უსწორდება. როგორც პარლამენტთან ღამით დარჩენილმა აქციის მონაწილეებმა თქვეს, მათი დაშლა მოულოდნელად დაიწყო და სპეცრაზმელებმა დემონსტრანტები კონდახებით სცემეს. "პუბლიკის", "ტაბულას" და "აპრილის" ჟურნალისტები აცხადებენ, რომ ისინი სპეცრაზმელებმა პროფესული საქმიანობის შესრულებისას სცემეს.

17 აპრილს პარლამენტმა „აგენტების" შესახებ კანონი პირველი მოსმენით მიიღო. პროცედურის თანახმად, პარლამენტი კანონპროექტს განიხილავს და კენჭს უყრის სამი მოსმენით. საქართველოს პარლამენტის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, "აგენტების კანონის“ მე-3, საბოლოო მოსმენის სავარაუდო თარიღად 17 მაისია მითითებული.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები