პრეზიდენტის ადმინისტრაცია: სებ-ის საბჭოს წევრის შესარჩევად შექმნილი კომისიის სხდომა ორბელიანები სასახლეში დღეს გაიმართება

23-04-2024 16:44:43 პოლიტიკა

ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის შესარჩევად შექმნილი კომისიის სხდომა დღეს 17:00 საათზე ორბელიანების სასახლეში გაიმართება.

პრეზიდენტის ადმინისტრაცის ცნობით, კომისია საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებთან გასაუბრებას გამართავს.

კომისიის დღევანდელი სხდომის მუშაობის ტრანსლაცია მოხდება პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალური სოციალური ქსელის მეშვეობით - https://www.facebook.com/OrbelianiPalaceCommunications/

კომისია, რომლის შემადგენლობაშიც შედიან: თამარ სულუხია - თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის ISET-ის და ISET კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, (კომისიის თავმჯდომარე), არჩილ მესტვირიშვილი - სების საბჭოს ყოფილი წევრი, ნიკოლოზ ყაველაშვილი - ილიაუნის ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის დეკანი, გიორგი ისაკაძე - მედიაკომპანია BMG-ის გენერალური პროდიუსერი, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატთა შერჩევის მიზნით, საქართველოს პრეზიდენტმა 10 აპრილს შექმნა. კომისიამ განიხილა განაცხადები და სრული კონსენსუსით შეარჩია 8 კანდიდატი.

კომისია გასაუბრების პროცესს დღეს დაასრულებს და გასაუბრების შედეგებს საქართველოს პრეზიდენტს 2024 წლის პირველ მაისამდე წარუდგენს.

სების საბჭოს წევრის 4 ვაკანტური ადგილის დასაკავებლად განაცხადების მიღება პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 2024 წლის 7 თებერვლიდან 1 მარტის ჩათვლით მიმდინარეობდა. სებ-ის საბჭოს წევრობის სურვილი სულ 28 პირმა გამოთქვა, საიდანაც კომისიამ 8 კანდიდატი შეარჩია.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები