პრორუსული ოპოზიცია მოლდოველებს ომის თემით აშინებს

23-04-2024 16:24:48 მსოფლიო

22 აპრილს მოსკოვში მოლდოვური ოპოზიციის პრორუსული წარმომადგენლები, მათ შორის ილან შორი და გაგაუზიის ლიდერი ევგენია გუცული შეიკრიბნენ.

ილან შორმა კრემლის პროპაგანდისტულ მედარესურსს "რია ნოვოსტის" მისცა ინტერვიუ, სადაც შეუდგა მტკიცებას, რომ ევროპა მოლდოვას იარაღს აწვდის და ქვეყანაში ახალ ბრძოლის ველს ამზადებს.

"ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ევროპას და კოლექტიურ დასავლეთს უყვარს სხვის ტერიტორიებზე კონფლიქტების შექმნა და პროვოცირება". – ამბობს შორი.

პრორუსი პოლიტიკოსის აზრით, ევროინტეგრაციის მომხრეთა გამარჯვების შემთხვევაში მოლდოვა "მეორე დღეს" რუმინეთის ნაწილი გახდება.

ილან შორი მოლდოველი მილიარდერი და პოლიტიკოსია, რომელსაც 1 მილიარდი დოლარის გაფლანგვა და თაღლითობა ედება ბრალად. 2020 წელს პროდასავლელი მაია სანდუს გამარჯვების შემდეგ შორი ძებნილად გამოცხადდა, ბიზნესმენი ისრაელში გაიქცა.

2023 წლის ადგილობრივ არჩევნებზე პრორუსი მილიარდერის მიერ დაფუძნებული პარტია შანსი დარეგისტრირდა. მოგვიანებით პარტია არჩევნებიდან მოხსნეს, ორგანიზაციას ფინანსების უკანონო მოპოვებაში ედება ბრალი.

კიდევ ერთი აქტიური პრორუსი პოლიტიკოსი, რომელიც მოსკოვში გამართულ კრებას დაესწრო, გაგაუზიის არჩეული ლიდერი ევგენია გუცულია, რომელიც ღიად მხარს უჭერს რუსეთს და მოლდოვის ევროკავშირთან ინტეგრაციის წინააღმდეგია.

"ომში ჩართევის" თაობაზე პროპაგანდისტული ნარატივი აქტიურად გამოიყენება საქართველოში ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან.

20 აპრილს ცნობილი გახდა, რომ მიმდინარე წლის 20 ოქტომბერს მოლდოვაში ევროკავშირში შესვლის საკითხზე რეფერენდუმი გაიმართება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები