პრემიერი: წელს უფრო აქტიურად ვიმუშავებთ, რომ მეტი შემოწირულება მოვიზიდოთ, რადგან არჩევნებია, რა თქმა უნდა, არჩევნებს დაფინანსება სჭირდება

23-04-2024 16:19:59 პოლიტიკა

პრემიერ–მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ წელს კიდევ უფრო აქტიურად იმუშავებენ იმისათვის, რომ მეტი შემოწირულება მოიზიდონ ბიზნესის წარმომადგენლებისგან.

"მადლობა თითოეულ იმ კომპანიას, მეწარმეს, რომელმაც შესწირა თანხები „ქართულ ოცნებას“, რა თქმა უნდა, წელს კიდევ უფრო აქტიურად ვიმუშავებთ იმისათვის, რომ მეტი შემოწირულება მოვიზიდოთ, იმიტომ, რომ არის არჩევნები. რა თქმა უნდა, არჩევნებს დაფინანსება სჭირდება", - ასე უპასუხა პრემიერმა ჟურნალისტის კითხვას, რომლის თანახმად, „ქართული ოცნების“ შემომწირველებს შორის არიან იმ კომპანიების მეწილეები, რომლებიც სახელმწიფო ტენდერებში უკონკურენტოდ იმარჯვებენ".

მისი თქმით, "ყველაფერი არის გამჭვირვალე, „განსხვავებით „ენჯეოებისგან“.

„რა თქმა უნდა, ბიზნესი მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“, ხელისუფლებას, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა არის, ამ ქვეყანაში ბიზნესის რეკეტის ერთხელ და სამუდამოდ დასრულება. 2004-2012 წლები თუკი რამით იყო გამორჩეული, გარდა ბევრი სხვა უმძიმესი მანკიერებისა, იყო სწორედ, ბიზნესის რეკეტი. ბიზნესი დღეს არის თავისუფალი, რა თქმა უნდა, ამას აფასებენ ბიზნესმენები, მეწარმეები, მადლობა თითოეულ იმ კომპანიას, მეწარმეს, რომელმაც შესწირა თანხები „ქართულ ოცნებას“, რა თქმა უნდა, წელს კიდევ უფრო აქტიურად ვიმუშავებთ იმისათვის, რომ მეტი შემოწირულება მოვიზიდოთ, იმიტომ, რომ არის არჩევნები. რა თქმა უნდა, არჩევნებს დაფინანსება სჭირდება. ყველაფერი არის გამჭვირვალე, განსხვავებით „ენჯეოებისგან“, ყველაფერი არის გამჭვირვალე და ყველას შეუძლია ჩაიხედოს ამ კომპანიების საქმიანობა, როგორ წარიმართება, საიდან აქვთ შემოსავლები და როგორ იგებენ ისინი ტენდერებს, როგორ ახერხებენ ისინი ტენდერების მოგებას. ყველაფერი არის გამჭვირვალე, შესაბამისად, ყველას შეუძლია ყველაფრის გადამოწმება, მაგრამ თავისთავად ის, რომ ამ კომპანიებს შორის არიან, როგორც ტენდერში მონაწილე ისე არ მონაწილე კომპანიები, ამაში გასაკვირი ბუნებრივია, არაფერია“, - განაცხადა კობახიძემ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები