მედია: კრემლმა სავარაუდოდ, გადაწყვიტა კადიროვის მემკვიდრის საკითხი

23-04-2024 13:48:13 კავკასია

რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ, სავარაუდოდ, გადაწყვიტა რამზან კადიროვის მემკვიდრის საკითხი. ის გახდება ჩეჩნეთის სპეცდანიშნულების რაზმ "ახმატის" მეთაური აპტი ალაუდინოვი. ასეთია ჩეჩნეთის პოლიტიკური ლანდშაფტის კვლევის შედეგები, რომელიც “ნოვაია გაზეტა ევროპამ” ჩაატარა.

გამოცემა ხაზს უსვამს, რომ ცოტა ხნის წინ ვლადიმირ პუტინის ბრძანებით, ალაუდინოვი რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო და პოლიტიკური მუშაობის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილედ დაინიშნა. მკვლევრებმა საკადრო გადაწყვეტილებას უწოდეს პლაცდარმი "აპტი ალაუდინოვის სამომავლო გრანდიოზულ კარიერაში".

გამოცემა იხსენებს, რომ 2023 წლის 18 დეკემბერს მოსკოვში გაიმართა ერთიანი რუსეთის 21-ე კონგრესი, რომელზეც დელეგატებმა მხარი დაუჭირეს ვლადიმირ პუტინის კანდიდატურას მეხუთე საპრეზიდენტო ვადით. ამ კონგრესზე სიტყვით გამოვიდა გენერალი ალაუდინოვი, რომელიც, საწოგადოების წინაშე წარმოჩინდა, “როგორც ცივილიზებული ჩეჩენი სამხედრო პირი”.

გამოცემის ინფორმაციით, კადიროვი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვეღარ გააგრძელებს თავისი მოვალეობის შესრულებას. ჩეჩნეთის ხელმძღვანელის დიაგნოზებს შორისაა პანკრეატიტის გართულებები, რომლებიც მოიცავს პანკრეასის ნეკროზს და პანკრეატოგენურ ასციტს. ასევე ცნობილია, რომ 2023 წელს კადიროვი სამედიცინო ინდუქციურ კომაში ჰყავდათ ტრანკვილიზატორ “დორმიკუმის” ჭარბი დოზის გამო, რომელიც კადიროვს უნდა მიეღო ძლიერი ტკივილისა და უძილობისთვის.

აპტი ალაუდინოვი ამჟამად რამზან კადიროვთან ერთ-ერთ ყველაზე დაახლოებულ გენერლად ითვლება. იგი უწევს კოორდინაციას "ახმატის" სახელით მოქმედ სპეცდანიშნულების პოლკებს, რომლებიც უკრაინის ტერიტორიაზე, ძირითადად ლუგანსკის ოლქში, ასრულებენ საბრძოლო დავალებებს.

ის სანქცირებულია აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის და უკრაინის ხელისუფლების მიერ.

კიევის ინფორმაციით, 2022 წლის მარტ-აპრილში ალაუდინოვმა უშუალო მონაწილეობა მიიღო რუსეთის ომში უკრაინის წინააღმდეგ და პირადად ხელმძღვანელობდა სპეცდანიშნულების რაზმ "ახმატის" ქმედებებს რუბეჟნოეში, კრემენაიასა და სევეროდონეცკში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები