პაპუაშვილი: დარწმუნებული ვარ, ბატონ ბორელს არ აქვს წაკითხული ეს კანონპროექტი

23-04-2024 11:52:32 პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი "აგენტების კანონზე" ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელის მორიგ კრიტიკულ განცხადებას ეხმიანება. ბორელმა "ქართული ოცნების" მხრიდან კანონპროექტის "ევროპულობის" მტკიცების ფონზე გაიმეორა, რომ ის "შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან".

პაპუაშვილმა ერთის მხრივ, ევროკავშირი დაადანაშაულა საქართველოში დაფინანსების "გაუმჭვირვალედ" წარმოებაში, მეორეს მხრივ, გამოთქვა რწმენა, რომ ბორელს არ აქვს წაკითხული კანონპროექტი.

„როცა ჩვენ გამჭვირვალობის კანონზე ვსაუბრობთ, უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არის ქართველი ხალხის ინტერესიდან გამომდინარე კანონი. ეს შეიძლება არ შედიოდეს სხვების ინტერესებში, განსაკუთრებით მათ ინტერესებში, ვისი ფინანსებიც საქართველოში შემოდის გაუმჭვირვალედ და სამწუხაროდ, ევროკავშირის დაფინანსებაც საქართველოში არის გაუმჭვირვალე. ჩვენ ვიცით მაგალითები, მაგალითად „ევროპის დემოკრატიის ფონდი“, რომელიც საქართველოში საკუთარ დაფინანსებას მალავს, რაც არის სწორედაც, რომ ევროპული ღირებულებების საწინააღმდეგო. სამწუხაროდ, ერთი წლის განმავლობაში, ევროკავშირის სხვადასხვა სტრუქტურასთან კომუნიკაციით ვცდილობდი, რომ დამერწმუნებინა თავად ევროკავშირის წარმომადგენლები, რომ ევროპული ღირებულებებისგან გადახვევით, საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პოლიტიკური პარტიების ფარულად დაფინანსება არის არასწორი საქციელი. სამწუხაროდ, ვერ შევძელი, ამიტომაც გვიწევს კანონის მიღება. მე სხვების ნაცვლად ვერ გიპასუხებთ, მაგრამ პრობლემა არის შემდეგში. სინამდვილეში, არის მცდელობა აიკრძალოს დისკუსია, რაც არის ანტიევროპული ქცევა. სინამდვილეში, არის მცდელობა, ჩაიხშოს საღი აზრი, რაც არის ანტიევროპული ქცევა. სინამდვილეში, ეს არის მცდელობა, რომ იყოს საუბარი ლოზუნგებით და არა შინაარსით. ჩვენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში რასაც ვაკეთებთ, ვთავაზობთ შინაარსს და რადიკალური ოპოზიციის ქცევას ვხედავთ, რას აკეთებს? - ხევს პლაკატებს, სადაც არის კანონპროექტის ლინკი მითითებული. უნდათ საზოგადოება ამყოფონ ამ ინფორმაციის გარეშე... დარწმუნებული ვარ, ჯოზეფ ბორელს არ აქვს წაკითხული ეს კანონპროექტი, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

ბორელმა 22 აპრილს ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ევროკავშირის წევრის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად განიხილა საქართველოში არსებული ვითარება.

„საგარეო მინისტრებმა შეშფოთება გამოხატეს „გამჭვირვალობისა და უცხოური გავლენის კანონთან“ დაკავშირებით“, - თქვა ბორელმა.

მან აღნიშნა, რომ „საქართველოს ხელისუფლებას პირება ჰქონდა დადებული, რომ გაიწვევდა ამ კანონპროექტს, მაგრამ ეს დაპირება არ შესრულებულა“.

„ვიმეორებ, ეს [კანონპროექტი] შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან“, - ხაზგასმით თქვა ბორელმა.

რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორის რიკარდ იოზვიაკის ცნობით, საბჭოზე გაისმა მოწოდება, გაგზავნონ მინისტრები საქართველოში ვიზიტით, ან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიიწვიონ ევროკავშირის მომდევნო საგარეო ურთიერთობათა საბჭოზე. თავად ბორელს ამ საკითხზე კომენტარი არ გაუკეთებია.

მომდევნო საბჭო 7 მაისსაა დანიშნული.

ჯოზეფ ბორელმა და სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ 17 აპრილს გამოქვეყნებულ ერთობლივ ტექსტში „ძალზე შემაშფოთებელი“ უწოდეს საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები