კონგრესმენი: უკრაინა აშშ–დან ახალ იარაღს უფრო სწრაფად მიიღებს, ვიდრე ამას შესაძლებლად თვლიან

22-04-2024 22:52:37 მსოფლიო

დემოკრატი ბილ კიტინგი, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი ამბობს, რომ სამხედრო დახმარება ახალი დაფინანსებით უკრაინას მიეწოდება „უფრო სწრაფად, ვიდრე ვინმეს ჰგონია". ამის შესახებ მან 22 აპრილს კიევში ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა. უკრაინას კონგრესის ორპარტიული დელეგაცია სტუმრობს.

„იარაღი, რომელიც აქ მოდის, უფრო სწრაფად ჩამოვა, ვიდრე ვფიქრობ, ნებისმიერ არმიას შეუძლია მობილიზება, რათა ის აქ ჩამოიტანოს. ზოგიერთი იარაღის მიწოდება შესაძლებელია რამდენიმე დღეში, ზოგის – რამდენიმე კვირაში. განრიგი არ ვიცით. და რომც ვიცოდეთ, არავის ვეტყვით, რადგან ამან შეიძლება გავლენა მოახდინოს ომის სტრატეგიაზე“, - დასძინა კიტინგმა.

მისმა კოლეგამ, რესპუბლიკელმა ტომ კეინმა გაიხსენა, რომ კანონპროექტი მოითხოვს ATACMS–ის 300 კილომეტრის დისტანციის რაკეტების, „სხვადასხვა საარტილერიო სისტემებისა და სხვა ტიპის სპეციფიური იარაღის“ გადაცემას.

„არსებობენ ადამიანები, რომლებმაც იციან, როგორც აქ, ასევე შეერთებულ შტატებში, რა შედის ამ პაკეტებში (სამხედრო დახმარება. - რედ). ჩვენ გვაქვს გარანტიები, რომ ადამიანები შეძლებენ იარაღის გამოყენებას, რომელიც გამოიგზავნება ძალიან, ძალიან სწრაფად“, - ხაზგასმით აღნიშნა კეინმა.

შეგახსენებთ, რომ 20 აპრილს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ უკრაინის დახმარების შესახებ კანონპროექტს მხარი დაუჭირა. აშშ-ის სენატის დემოკრატიული უმრავლესობის ლიდერმა ჩაკ შუმერმა განაცხადა, რომ სენატი კანონპროექტს სამშაბათს, 23 აპრილს უყრის კენჭს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები