დონალდ ტუსკმა პოლონელ ფერმერებს მოუწოდა, შეწყვიტონ უკრაინასთან საზღვრის ბლოკირება

19-04-2024 18:41:56 მსოფლიო

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა პოლონელ ფერმერებს მოუწოდა, შეწყვიტონ უკრაინასთან საზღვრის ბლოკირება.

მან მოუწოდა პოლონეთის ყველა მოქალაქეს, რომ არ „გააკეთონ ისეთი რამ, რამაც შეიძლება, ზიანი მიაყენოს უკრაინას".

"მიუხედავად იმ მიზეზებისა, რითაც გამოწვეულია ფერმერთა პროტესტი, პოლონეთის ხელისუფლება ვერ დაუშვებს სასაზღვრო გადასასვლელების გადაკეტვას. ჩვენ არანაირად არ შეგვიძლია, ზიანი მივაყენოთ უკრაინას იმ სიტუაციაში, როდესაც ომის ბედი წყდება", – განაცხადა ტუსკმა და დასძინა, რომ "მთავრობა შეიძლება, იძულებული გახდეს, მიიღოს პოლონეთის სასაზღვრო და საბაჟო გადასასვლელების დაცვის გადაწყვეტილება".

18 აპრილის დილით პოლონელმა ფერმერებმა კვლავ გადაკეტეს უკრაინის საზღვართან მდებარე კორჩევა-კრაკოვეცისა და მედიკა-შეგინის გამშვები პუნქტები.

პოლონელი ფერმერები თებერვლიდან მოითხოვენ უკრაინიდან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტის აკრძალვას. ისინი ასევე ეწინააღმდეგებიან ევროპის აგრარულ პოლიტიკას, კერძოდ, ილაშქრებენ "მწვანე სისტემის" დანერგვის წინააღმდეგ. საუბარია მთელ რიგ გარემოსდაცვით პრობლემებსა და კლიმატურ მოთხოვნებზე. მოთხოვნებს შორისაა ასევე მეცხოველეობის მხარდაჭერა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები