ლანდსბერგისი – "აგენტების" შესახებ კანონზე: არ შეესაბამება ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას

19-04-2024 17:17:49 პოლიტიკა

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგის აცხადებს, რომ "ოცნების" მიერ პირველი მოსმენით მიღებული "აგენტების" შესახებ კანონის ამჟამინდელი ფორმულირება არ შეესაბამება საქართველოს ევროპულ ორიენტაციას.

გამოცემა Delfi-ს ცნობით, აღნიშნულზე მან დღეს გამართულ პრეს–კონფერენციაზე ისაუბრა.

"თითოეულ სახელმწიფოს აქვს უფლება, მიიღოს ისეთი კანონები, როგორიც მას სურს დემოკრატიულად არჩეულ პარლამენტში. არავინ ცდილობს ამ სახელმწიფოს სუვერენიტეტის შეზღუდვას. თუმცა სახელმწიფომ, რომელიც ცდილობს, გახდეს ევროკავშირის წევრი, აქტიურად სურს მოლაპარაკებების დაწყება, აქტიურად ცდილობს კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და სხვა ნაბიჯებს დგამს, უნდა გაითვალისწინოს როგორც წესები, ასევე ნორმები, რომლებიც მიღებულია იმ ორგანიზაციის მიერ, რომელშიც გაწევრიანება სურს", - ამბობს ლანდსბერგისი.

მან გაიხსენა, რომ ერთი წლის წინ მთავრობამ და საპარლამენტო უმრავლესობამ შეაჩერა მსგავსი კანონპროექტის განხილვა და დაუბრუნდა ევროკავშირთან კონსტრუქციული დისკუსიის გზას.

"მინდა, მჯეროდეს, რომ არ არის გვიან", დასძინა მან.

ცნობისთვის: „ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავდა ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა.

კანონპროექტის განხილვა პარლამენტში 15 აპრილიდან ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. 15 აპრილის შემდეგ საპროტესტო აქციები არ წყდება საკანონმდებლო ორგანოსთან. 16 აპრილს პარლამენტის შენობის ერთ-ერთ შესასვლელთან აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეცრაზმმა სავარაუდოდ, სპეციალური საშუალება, გაურკვეველი სითხე გამოიყენა დემონსტრანტების წინააღმდეგ. ამასთან, მოგვიანებით, სოციალურ ქსელებსა და მედიაში გავრცელდა კადრები, რომელშიც ასახულია, რომ სპეცდანიშნულების რაზმი მოქალაქეებს ფიზიკურად უსწორდება. როგორც პარლამენტთან ღამით დარჩენილმა აქციის მონაწილეებმა თქვეს, მათი დაშლა მოულოდნელად დაიწყო და სპეცრაზმელებმა დემონსტრანტები კონდახებით სცემეს. "პუბლიკის", "ტაბულას" და "აპრილის" ჟურნალისტები აცხადებენ, რომ ისინი სპეცრაზმელებმა პროფესული საქმიანობის შესრულებისას სცემეს.

17 აპრილს პარლამენტმა „აგენტების" შესახებ კანონი პირველი მოსმენით მიიღო. პროცედურის თანახმად, პარლამენტი კანონპროექტს განიხილავს და კენჭს უყრის სამი მოსმენით. საქართველოს პარლამენტის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, "აგენტების კანონის“ მე-3, საბოლოო მოსმენის სავარაუდო თარიღად 17 მაისია მითითებული.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები