კრამონი: თარჯიმანს შეცდომა არ დაუშვია, "რუსულ კანონს" ევროპარლამენტში აბსოლუტური უმრავლესობა ეწინააღმდეგება

19-04-2024 14:45:11 ციტატა

„ძვირფასო კობახიძე. არა, თარჯიმანს შეცდომა არ დაუშვია, არც გერმანიის ელჩს. "რუსულ კანონს" ევროპარლამენტში აბსოლუტური უმრავლესობა ეწინააღმდეგება. გთხოვთ, გაიწვიოთ კანონპროექტი. ევროკავშირი ქართველების სიმამაცით აღფრთოვანებულია და მათ გვერდით დგას", - წერს ევროპარლამენტის გერმანელი დეპუტატი ვიოლა ფონ კრამონი X-ზე.

მანამდე ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მაიკლ როთი წერდა:

"ძვირფასო, პრემიერ–მინისტრო კობახიძე, გერმანიის ელჩმა ჩვენი კანცლერის სწორი ციტირება გააკეთა! მინდა დაგარწმუნოთ, რომ გერმანიის ბუნდესტაგის აბსოლუტური უმრავლესობა მკაცრად ეწინააღმდეგება "უცხოელი აგენტების კანონს". გთხოვთ, გაიწვიოთ კანონპროექტი! სრული სოლიდარობა ქართველ ხალხს, რომლებიც დემონსტრაციებს მართავენ ევროკავშირის ღირებულებებისთვის".

მას შემდეგ, რაც "ქართული ოცნების" წევრების ნაწილმა, მათ შორის, პრემიერ–მინისტრმა ოლაფ შოლცის განცხადების "დამახინჯებაში" ქართველი თარჯიმანი დაადანაშაულეს, გერმანიის საელჩომ კანცლერის განცხადება ქართულ ენაზე გამოაქვეყნა:

"გერმანიის ფედერალური კანცლერის ოლაფ შოლცისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის პრესკონფერენციაზე, რომელიც 2024 წლის 12 აპრილს ბერლინში გაიმართა, ფედერალურმა კანცლერმა შოლცმა განაცხადა:

„მინდა კიდევ ერთხელ ვთქვა: ჩვენ, ისევე როგორც მთელი ევროკავშირი, კრიტიკულები ვიყავით უცხოური გავლენის ორგანიზაციებთან დაკავშირებულ კანონთან მიმართებაში და როდესაც იგი შეაჩერეს, დიდი იმედი გვქონდა, რომ აღარ განიხილებოდა. ამჯერად ახალი საკანონმდებლო ინიციატივაა, რომელიც იმავე მიმართულებით მიდის. ჩვენი კრიტიკა, წინა პერიოდის მსგავსად, იგივე რჩება და ვიმედოვნებთ, რომ ამ კანონს ასეთი სახით არ მიიღებენ და ახლაც გათვალისწინებული იქნება კრიტიკული განცხადებები […]ევროკავშირს არ აქვს ასეთი რეგულაცია. არსებობს დისკუსია იმის თაობაზე, რომ რაღაც გაკეთდეს, რაც გარკვეულ სფეროებში გამჭვირვალობას უზრუნველყოფს, თუმცა ეს სხვა რეგულაცია და სხვა კონცეფციაა, ვიდრე ის, რომელზეც ჩვენ აქ ვსაუბრობთ. (ევროკავშირში) ის არც მიუღიათ და სავარაუდოდ არც მიიღებენ. არსებობდა გარკვეული რეგულაცია უნგრეთში, რომელიც ევროპის სასამართლომ გააუქმა“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები