NATO – "აგენტების კანონზე": უკან გადადგმული ნაბიჯია და არ ეხმარება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში

19-04-2024 13:57:13 პოლიტიკა

კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა "აგენტების კანონის" პირველი მოსმენით მიღებას შემაშფოთებელს უწოდებს და ამბობს, რომ ეს არათუ ეხმარება საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე წინსვლაში, არამედ უკან გადადგმული ნაბიჯია.

"NATO შეშფოთებულია თბილისში პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტით. საქართველოსთვის, როგორც ნატოს ასპირანტი ქვეყნისთვის, მნიშვნელოვანია, ჰქონდეს სწორი ჩარჩო მედიის თავისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობის უზრუნველსაყოფად. ეს პროექტი უკან გადადგმული ნაბიჯია და წინსვლაში არ ეხმარება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას",– წერს ხავიერ კოლომინა X–ზე.

საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის 83–მა დეპუტატმა პირველი მოსმენით დაამტკიცა "აგენტების" შესახებ პარლამენტში კვლავ ინიიცირებული კანონპროექტი, რომელიც მასობრივ პროტესტს იწვევს.

"ქართული ოცნება", მიუხედავად, მათ შორის, საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკისა, ამტკიცემს, რომ ეს გაამყარებს "ქართულ დემოკრატიას" და არ შეაფერხებს საქართველოს ევროინტეგრაციას. განსხვავებულად ხედავს ამ პროცესს ათასობით მოქალაქე, რომლებიც სამი დღეა პარლა,ენტთან იკრიბებიან, მას "რუსულ კანონს" უწოდებენ და უკან გაწვევას მოითხოვენ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები