შს მინისტრი ესკალაციაში მომიტინგეებს ადანაშაულებს: "დაპირისპირება მოქალაქეებსა და პოლიციელებს შორის არც ჩემთვის იყო კარგი სანახავი"

19-04-2024 13:32:10 სამართალი

შს მინისტრი ვახტანგ გომელაური "აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქციაზე ესკალაციაში თავად მომიტინგეებს ადანაშაულებს.

"ყველაფერი გამოიწვია სამართალდამცველების მიმართ გაჟღერებულმა გაუგონარმა შეურაცხყოფებმა",– თქვა გომალურმა პარლამენტში.

მანამდე სოციალურ ქსელებსა და მედიაში გავრცელდა არაერთი კადრი, რომელზეც ჩანს, როგორ ცემენ მომიტინგეებს სპეციალური ეკიპირებით აღჭურვილი ადამიანები. ნაცემები არიან ჟურნალისტებიც.

გომელაურის თქმით, ჯამში დააკავეს 40 მომიტინგე, დაშავდა 5 პოლიციელი, მათგან ორი სამედიცინო დაწესებულებაში "გადავიყვანეთ მძიმე დაზიანებებით".

„მიმდინარე კვირის განმავლობაში ყველამ ვნახეთ სამართალდამცველები, რომლებიც უწყვეტ რეჟიმში იყვნენ მობილიზებულები სხვადასხვა დროსა და ადგილზე გამართულ საპროტესტო აქციებზე და იცავდნენ თითოეული ადამიანის უსაფრთხოებას. 15 და 16 აპრილს აქციის პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარეობდა სამუშაო პროცესი.

ჩვენთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის თანაბრად მნიშვნელოვანი იყო, როგორც პარლამენტის დეპუტატებისა და აპარატის წევრების, ისე აქციის თითოეული მონაწილის უსაფრთხოების დაცვა. საზოგადოებამ ისიც ნახა, თუ როგორ გადაიზარდა მშვიდობიანი აქცია პირველივე დღიდან ძალადობრივ ქმედებებში. მაშინ როდესაც, საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა სრულიად მშვიდ ვითარებაში, მონაწილეების გარკვეული ნაწილი გახდა აგრესიული სამართალდამცველების მიმართ, პოლიციელების მიმართულებით ისროდნენ სხვადასხვა საგნებს, მათ შორის, ქვებს, ბოთლებს, ასხამდნენ საღებავებს, აყენებდნენ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას და არ ემორჩილებოდნენ პოლიციელების კანონიერ მოთხოვნებს. ეს ტელევიზიებშიც კარგად ჩანდა. [...].

ამ ძალადობრივი ქმედებების შედეგად, დაშავდა 5 პოლიციელი, აქედან ორი სამედიცინო დაწესებულებაში გადავიყვანეთ მძიმე დაზიანებებით. ადმინისტრაციული წესით, საერთო ჯამში, დავაკავეთ 40 პირი. პოლიციელები მუდმივად მოუწოდებდნენ აქციის ორგანიზატორებს სიმშვიდისკენ, თუმცა კარგად გვესმის, რომ გარკვეული ძალების მიზანიც ესკალაციის შექმნა იყო და ამისთვის ყველანაირ მეთოდს იყენებდნენ. მათ შორის, 16 აპრილს, გვიან ღამით, როდესაც სრულდებოდა აქცია, მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციის თანამშრომლებს, აგინებდნენ, საშინელი სიტყვებით მოიხსენიებდნენ მათი ოჯახის წევრებს და დანარჩენს აღარ გავაგრძელებ... ამის შემდეგ მომხდარი დაპირისპირება მოქალაქეებსა და პოლიციელებს შორის არავისთვის და არც ჩემთვის იყო კარგი სანახავი ნამდვილად, დამერწმუნეთ, თუმცა, შემიძლია დანამდვილებით ვთქვა, რომ ეს ყველაფერი გამოიწვია სამართალდამცველების მიმართ გაჟღერებულმა გაუგონარმა შეურაცხყოფებმა... პოლიციელზე თავდასხმა ნიშნავს სახელმწიფო ინსტიტუტზე თავდასხმას და ხაზგასმით ვამბობ, რომ ეს არის დაუშვებელი“, - განაცხადა გომელაურმა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები