ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ყველა მხარეს თავშეკავებისკენ მოუწოდებს: ირანის ბირთვული ობიექტები არ დაზიანებულა

19-04-2024 10:10:13 მსოფლიო

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო (IAEA) აცხადებს, რომ ირანში მდებარე ბირთვული ობიექტები არ დაზიანებულა.

სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებულ "პოსტში" სააგენტომ განაცხადა, რომ იგი აგრძელებს სიტუაციის ძალიან მჭიდროდ მონიტორინგს და მოუწოდებს უკიდურესი თავშეკავებისკენ ყველა მხარეს და ხაზს უსვამს, რომ „ბირთვული ობიექტები არასოდეს უნდა იყოს სამიზნე სამხედრო კონფლიქტებში“.

ირანის მიერ ისრაელზე მასშტაბური შეტევის განხორციელებიდან 5 დღის შემდეგ ირანში აფეთქებების შესახებ იუწყებიან. კერძოდ, დღეს, 19 აპრილს ირანის ქალაქ ისპაანის საერთაშორისო აეროპორტის რაიონში, რომლის მახლობლად მდებარეობს სამხედრო-საჰაერო ძალების ბაზა, ძლიერი აფეთქებები იყო.

ირანის სახელმწიფო მედია სამი აფეთქების შესახებ იტყობინება. მისი ცნობით, საჰაერო თავდაცვის სისტემა ამოქმედდა რამდენიმე ლოკაციაზე მას შემდეგ, რაც აფეთქებები ისმოდა საერთაშორისო აეროპორტთან და ისპაანის პროვინციაში სამხედრო ბაზასთან ახლოს".

"ირანის ტერიტორიაზე დარტყმა ისრაელმა განახორციელა", – იუწყება CNN აშშ–ის ოფიციალურ წარმომადგენელზე დაყრდნობით და დასძენს რომ "ახლო აღმოსავლეთი ომის ზღვარზეა".

ისრაელს ოფიციალურად ჯერ–ჯერობით არაფერი უთქვამს.

ამავე თემაზე: მასშტაბური შეტევა ისრაელზე და აფეთქებები ირანში – ახლო აღმოსავლეთი ომის ზღვარზეა

ახალი ამბები

სხვა სიახლეები