მედია: ისრაელმა ირანზე სარაკეტო იერიში მიიტანა

19-04-2024 09:05:44 მსოფლიო

დღეს, 19 აპრილს ირანის ქალაქ ისპაანის საერთაშორისო აეროპორტის რაიონში, რომლის მახლობლად მდებარეობს სამხედრო-საჰაერო ძალების ბაზა ძლიერი აფეთქებები იყო. ირანის სახელმწიფო მედია სამი აფეთქების შესახებ იუწყება.

ამერიკული ტელეკომპანიების CBS-ის და ABC-ს ცნობით, ისრაელმა ირანზე სარაკეტო იერიში მიიტანა.

ირანის სააგენტო FARS-ი წერს, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემა ამოქმედდა არა რაკეტების, არამედ უპილოტო საფრენი აპარატების მოსაგერიებლად.

ირანის ხელისუფლების წარმომადგენელმა სააგენტო Reuters-ს განუცხადა, რომ ისპაანში აფეთქებები ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემის გააქტიურების შედეგი იყო.

ისრაელს ოფიციალურად ჯერ–ჯერობით არაფერი უთქვამს.

ცნობისთვის: 13-14 აპრილს, ირანმა ისრაელზე იერიში მიიტანა უპილოტო საფრენი აპარატებით და რაკეტებით. ისრაელის ცნობით, ირანის მიერ გამოყენებული 300-ზე მეტი დრონისა და რაკეტის 99%–ის განეიტრალება მოკავშირეებთან ერთად შეძლეს. ისრაელის სასწრაფო დახმარების სამსახურის ცნობით, ირანის დარტყმებს მსხვერლი არ მოჰყოლია, დაშავდა 32 პირი.

ისრაელსა და ირანს შორის ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბა მას შემდეგ, რაც ირანული მედიის ინფორმაციით, 1 აპრილს ისრაელმა ავიადარტყმა განახორციელა დამასკოში მდებარე ირანის საკონსულოს შენობაზე, რის შედეგადაც „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ შვიდი წევრი დაიღუპა. ირანის ცნობით, თავდასხმისას დაღუპულებს შორის არიან ირანის საგანგებო დანიშნულების რაზმების, ყუდსის ძალების ერთ-ერთი მეთაური, ბრიგადის გენერალი მოჰამედ რეზა ზაჰედი, მისი მოადგილე, ბრიგადის გენერალი მოჰამედ ჰადი რაჰიმი და მათი ხუთი კოლეგა. სირიაში მომხდარის გამო თეირანი საპასუხო ზომებით დაიმუქრა.

ირანის თავდასხმის შემდეგ ისრაელის ხელისუფლება განიხილავდა, რა მასშტაბის პასუხი უნდა გაეცა ისლამური რესპუბლიკისთვის და როდის.

ამერიკელი ოფიციალური პირების თანახმად, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მოუწოდა, საპასუხო ზომები დეტალურად გაიაზრონ და გააფრთხილა, რომ აშშ არ მიიღებს მონაწილეობას ირანზე საპასუხო დარტყმაში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები