სტუდენტებმა მორიგი აქცია 19 აპრილს, 19:00 საათზე დააანონსეს

19-04-2024 00:00:23 საზოგადოება

"არა რუსულ კანონს! - პარლამენტთან შეკრებილმა სტუდენტებმა მორიგი აქცია ხვალ, 19 აპრილს,19:00 საათზე დააანონსეს.

მიუხედავად იმისა, რომ გასულ დღეებში „კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ სახელწოდებით ცნობილი საპროტესტო კამპანიის ორგანიზატორებს დღეს შეკრება არ ჰქონდათ დაანონსებული, პარლამენტის შენობასთან სტუდენტები თვითორგანიზებით შეიკრიბნენ და რუსთაველის გამზირი გადაკეტეს. საავტომობილო გზა ჯერ კიდევ გადაკეტილია.

აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ, "საქართველო!”, “არა რუსულ კანონს!”. აქციას ძირითადად პერფორმანსის სახე ჰქონდა.

თავად „კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ საპროტესტო კამპანიის ორგანიზატორები ამბობენ, რომ პროტესტი "აგენტების კანონის" განხილვების პარალელურად გაგრძელდება. ისინი გრძელვადიანი პროტესტისთვის ემზადებიან და სამოქმედო გეგმაზე მუშაობენ.

მათი გეგმაა, რომ საპროტესტო მუხტი რეგიონებშიც გავრცელდეს და გაგრძელდება საინფორმაციო კამპანიებიც.

„აგენტების კანონი“ მეორე მოსმენით ჯერ იურიდიულ კომიტეტზე გავა, შემდეგ – სესიაზე. საკომიტეტო მოსმენა, სავარაუდოდ, მომდევნო კვირას გაიმართება. ხოლო სასესიო განხილვა – ორ კვირაში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები