ზურაბიშვილი: რუსეთს სურს, აქ დაწეროს ისტორია, რომელსაც ვერ წერს უკრაინაში, აქ ნამდვილი პოლიტიკური გავლენების თამაშია

18-04-2024 22:15:58

საქართველოს პრეზიდენტმა „აგენტების კანონის“ ირგვლივ „Francenfo info”–ს ეთერშიც ისაუბრა.

მისი თქმით, შემაშფოთებელია ამ კანონის მიღება, ისევე როგორც სხვა კანონების მთელი სერია, „რომელიც დიდი სისწრაფით მიიღება ახლა ხელისუფლების მიერ და რომლებიც ეწინააღმდეგება იმას, რასაც ევროკავშირი გვთხოვს, რათა გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების დადასტურება მოხდეს“.

„ამიტომ ვამბობ, რომ ეს რუსული სტრატეგიაა. ეს ჭადრაკის თამაშია ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, ევროკავშირთან იმისათვის, რომ საქართველოს კურსი შეაცვლევინონ“,– თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

მან განმარტა, რომ საქართველო კავკასიის შუაგულში მდებარეობს, „კავკასია საქართველოთი განისაზღვრება და ეს განსაზღვრავს ასევე, სომხეთის მომავალსაც, სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანია“:

„რუსეთს სურს, აქ დაწეროს ისტორია, რომელსაც ვერ წერს უკრაინაში, ცხადია, სხვა საშუალებებით, მაგრამ ჩვენც გვაქვს ოკუპირებული ტერიტორიები. აქ ნამდვილი პოლიტიკური გავლენების თამაშია, რომელშიც საქართველოს მოსახლეობა ძალიან მკაფიოდ ამბობს და ხედავთ კადრებში ახალგაზრდებს, ამ ქვეყნის ყველა ახალგაზრდა ამ კანონის წინააღმდეგაა“,– თქვა ზურაბიშვილმა.

მას ჰკითხეს, არსებობს თუ არა ოლიმპიური თამაშების პერიოდში 2008 წლის მოვლენების – რუსეთის თავდასხმის განმეორების რისკი?

„იცით, რუსეთთან დაკავშირებით არასოდეს უნდა თქვა არასოდეს. მაგრამ დღეს ნათელია, რომ რუსეთის სტრატეგია საქართველოსთან დაკავშირებით ცოტა სხვანაირია, ეს ჰიბრიდული ომის სტრატეგიაა პროპაგანდისა და ხელისუფლებაზე ზეწოლის მეშვეობით, რათა მათ მიიღონ რუსული კანონები, ასევე, საქართველოს ტერიტორიაზე რუსი მიგრანტების შემოდინების მეშვეობით. ჩვენ ჰიბრიდულ ომში ვართ, რომელსაც წინააღმდეგობას ვუწევთ, მაგრამ არასოდეს უნდა თქვა არასოდეს“,– უპასუხა პრეზიდენტმა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები