საფრანგეთის საგარეო: ჩარევის ბრალდებები, რომელთა სამიზნეა ევროკავშირი, მიუღებელია

18-04-2024 21:29:52 პოლიტიკა

საფრანგეთი, ევროკავშირის მსგავსად, შეშფოთებულია საქართველოს პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტით,– ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

საფრანგეთის საგარეო უწყება ხაზს უსვამს, რომ ინიციატივა ეწინააღმდეგება იმ ღირებულებებს, რომლებსაც ეფუძნება ევროკავშირი.

ამასთან, აღნიშნავს, რომ "ჩარევის ბრალდებები, რომელთა სამიზნეა" ევროკავშირი, მიუღებელია.

„საფრანგეთი, ევროკავშირის მსგავსად, შეშფოთებულია საქართველოს პარლამენტის მიერ 17 აპრილს პირველი მოსმენით მიღებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტით. ეს ინიციატივა ეწინააღმდეგება იმ ღირებულებებს, რომლებსაც ეფუძნება ევროკავშირი. ჩარევის ბრალდებები, რომელთა სამიზნეა ეს უკანასკნელი, მიუღებელია.

საფრანგეთი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, კონცენტრირდეს ყველა იმ ზომის დაუყოვნებლივ განხორციელებაზე, რომელიც აუცილებელია საქართველოს ევროპული გზის გასაგრძელებლად, რომლის მიმართაც ქართველმა ხალხმა გამოხატა თავისი ღრმა ერთგულება. საფრანგეთი დგას საქართველოს გვერდით ამ მომთხოვნ გზაზე”, - წერია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

16 აპრილს საფრანგეთის ელჩმა საქართველოში განაცხადა, რომ „საქართველოს, ცხადია, შეუძლია მიიღოს ის კანონმდებლობა, რაც სურს“, მაგრამ საფრანგეთი, როგორც მეგობარი ქვეყანა, აცხადებს, რომ კანონპროექტი, რომელსაც ამჟამად პარლამენტი განიხილავს, ევროკავშირის ღირებულებებს არ შეესაბამება. შერაზ გასრიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ კანონპროექტი, რომელსაც ამჟამად საქართველოს პარლამენტი განიხილავს, „ფრანგული კანონი“ არ არის.

ევროკავშირმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ხელისუფლება არაერთხელ გააფრთხილეს, რომ კანონის მიღება უარყოფითად იმოქმედებს ევროკავშირისკენ საქართველოს სვლაზე. მიუხედავად ამისა, "ქართული ოცნება" ამტკიცებს, რომ კანონპროექტი "ევროპული და ქართულია" და რომ ის არ შეაფერხებს ევროკავშირში ინტეგრაციას. ამასთან, ჟრერს ქვეყნის "შიდა საქმეებში ჩარების" ბრალდებებიც.

საქართველოს პარლამენტმა „აგენტების კანონი" პირველი მოსმენით 17 აპრილს მიიღო პროტესტის ფონზე. ათასობით ადამიანი სამი დღეა, პროექტის უკან გაწვევას მოითხოვს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები