სახელმწიფო მინისტრმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მთავარ მრჩეველთან კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში შეხვედრა გამართა

18-04-2024 17:48:46 კონფლიქტები ,რეკლამა

სახელმწიფო მინისტრმა უცხოელ დიპლომატს მადლობა გადაუხადა აშშ-ის მიერ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის და ხაზი გაუსვა აშშ-ის როლს საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს

თეა ახვლედიანმა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელს გააცნო შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის, მათ შორის სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ განხორციელების პროცესში მიღწეული პროგრესი და სამომავლო ხედვები, რაც კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებასა და ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებას შორის საერთო ინტერესებზე დაფუძნებული დიალოგისა და ნდობის აღდგენის გაღრმავებას ისახავს მიზნად.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობას და დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე პროგრესის მიღწევის აუცილებლობას.

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკის მიმართ.

მხარეები მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები