"ოცნებაში", რომელმაც მასშტაბურ საპროტესტო აქციაში "აგენტების" კანონის მხარდაჭერა დაინახა, კვლავ თავებს ითვლიან

18-04-2024 16:50:20 პოლიტიკა

"ქართულ ოცნებაში", რომელმაც მასშტაბურ საპროტესტო აქციაში "აგენტების" კანონის მხარდაჭერა დაინახა, კვლავ თავებს ითვლიან.

თავების დათვლის თემით ამჯერად, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძე დაკავდა.

"ზოგი 30 000-ს იძახის, ზოგი – 40 ათასს, არ მინდა, ამ თემაზე გადავიდე. აქ ვარ გაზრდილი [რუსთაველზე], სანამ ეს რაღაცები [პარლამენტის წინ გამწვანება] არ იყო, პარლამენტის ცოტა იქით, ცოტა – აქეთ რომ გაივსებოდა, ეს იყო 10 000 კაცი – სტანდარტი. ახლა გასაგებია [გამწვანების გათვალისწინებით], რა რაოდენობაც არის. ძალიან კარგი, გამოხატვის თავისუფლებაა, ღმერთმა ხელი მოუმართოთ, გააკეთონ, ეს მათი უფლებაა, მაგრამ ნუ ამბობენ, რომ 50-70 ათასი იყოო“, – განაცხადა პაატა კვიჟინაძემ.

ამასთან, იგი დაინტერესდა რატომ ნერვიულობს ამ კანონპროექტის გამო ოპოზიცია.

"თუ თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ მთელი ხალხი თქვენს გვერდით დგას, თუ დარწმუნებული ხართ, რომ არჩევნებს მოიგებთ, მაშინ რა განერვიულებთ? მივიღებთ გუშინდელ კანონს თუ დღევანდელ კანონს, რომ მოხვალთ ოქტომბერში, გააუქმეთ", – მიმართა მან ოპოზიციას და არაფერი უთქვამს იმაზე, რა შეფასებები მოჰყვა ევროკავშირში გადაწყვეტილებების მიმღები პირებისგან კანონპროექტს.

მანამდე, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „აგენტების" შესახებ კანონის წინააღმდეგ თბილისში გამართული საპროტესტო აქციები შეაფასა და აღნიშნა, რომ "ხალხი მხარს უჭერს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს".

„ამ დღეებმაც დაგვანახეს ერთი საჭიროება ამ კანონის და მეორე, ხალხის მხარდაჭერა ამ კანონის მიმართ. ზუსტად ამ აქციებმა დაგვანახა ამ კანონპროექტის მიმართ ხალხის მხარდაჭერა. ამიტომ, რა თქმა უნდა, საქართველოს პარლამენტი ამ კანონზე მსჯელობას გააგრძელებს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის: მეოთხე დრეა თბილისში პროტესტი არ წყდება. საქართველოს პარლამენტის უმრავლესობამ „აგენტების კანონი" პირველი მოსმენით 17 აპრილს მიიღო, რასაც თბილისში პარლამენტისა და მთავრობის ადმინისტრაციის შენობებთან მასშტაბური საპროტესტო აქციები მოჰყვა.

„ქართული ოცნება" თავის მიერ ინიციირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტის" მიზნად ასახელებს უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიასაშუალებების გამჭვირვალობას და სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვას.

სამოქალაქო საზოგადოების დიდი ნაწილი და ოპოზიციური პარტიები კანონს რუსულს უწოდებენ და მიიჩნევენ, რომ მმართველი პარტიის მიზანია დემოკრატიის განვითარებაზე მომუშავე ორგანიზაციების შეზღუდვა და ევროკავშირში გაწევრების პროცესის დაბლოკვა.

ევროკავშირმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ხელისუფლება არაერთხელ გააფრთხილეს, რომ კანონის მიღება უარყოფითად იმოქმედებს ევროკავშირისკენ საქართველოს სვლაზე.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები