პაატა კვიჟინაძე – "ოფშორების კანონპროექტზე": არავითარ კავშირში არ არის ეს ბატონ ბიძინასთან, მაგრამ კიდევაც რომ იყოს რა?

18-04-2024 16:18:31 პოლიტიკა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პაატა კვიჟინაძის განცხადებით, "ოფშორების კანონპროექტი", რომლის განხილვაც პარლამენტში დაჩქარებული წესით მიმდინარეობს, "არავითარ კავშირში არ არის ეს ბატონ ბიძინა ივანიშვილთან".

თუმცა, მისი თქმით, კიდეც რომ იყოს კავშირში პრობლემას ვერ ხედავს.

"ბატონ ბიძინაზე მინდა ვთქვა, საერთოდ არ მინდოდა ამ თემაზე საუბარი, ჯერ ერთი, რომ გადმოიტანოს რა, თქვენ არ იძახით, გაუმჭვირვალეა და რაღაცო? გამჭვირვალე გახდება. რა არის ცუდი თუ გადმოიტანს. [...] არავითარ კავშირში არ არის ეს ბატონ ბიძინასთან, მაგრამ კიდევაც რომ იყოს რა? ცუდი რა ხდება? გამჭვირვალე გახდება უფრო მეტად, სხვა ცუდი რა ხდება, ამიხსნას ვინმემ, კიდევ ერთხელ გეუბნებით, სანქციებთან ამას დააკავშირებს ისეთი ადამიანი, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს რა არის სანქციები. [...] ბატონ ბიძინაზე ვერიდები ხოლმე საერთოდ საუბარს, მაგრამ თუ საქართველოში, სახელმწიფოს გარდა, სახელმწიფოს არ ვგულისხმობ, რაიმე კარგი გაკეთდა, ბატონი ბიძინას გაკეთებული არ არის ყველაფერი?! [...] ოქრო იყიდაო – თუ სანქციები დაწესდა და რატომ უნდა დაწესდეს, არ ვიცი, კაცს ქველმოქმედების მეტი არაფერი გაუკეთებია, გამჭვირვალობას ვაკეთებთ ახლა და ყველაფერი და გამორიცხულია, რომ დაწესდეს, მაგრამ თეორიულად რომ დაუშვა, ვერც ოქროს გადაიტანს, ვერც გაყიდის, ვერც გამოყდის, იმნაირ აბსურდზე გადადიან, წარმოუდგენელი რაღაცაა," - განაცხადა პაატა კვიჟინაძემ.

75 მომხრე –9 წინააღმდეგი – პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომლითაც ოფშორებიდან საქართველოში კომპანიის გადმოტანა მომხიბვლელი ხდება.

საქართველოს პარლამენტი "აგენტების კანონის" განხილვის პარალელურად, დაჩქარებულად განიხილავს საგადასახადო კოდექსში შესატან ცვლილებებს, რომელიც შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში (ოფშორული ზონა) რეგისტრირებული კომპანიის საქართველოს საწარმოსთვის გადაცემის შემთხვევაში, საწარმოს და პარტნიორ ფიზიკურ პირს მიღებული შემოსავლის დაბეგვრისგან ათავისუფლებს.

ცვლილებებით, ოფშორული ზონებიდან საწარმოს გადმოტანის შეღავათიანი პირობები იმოქმედებს 2028 წლის 1 იანვრამდე.

"შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს ყველა აქტივზე (მათ შორის, წილზე/აქციაზე) საკუთრების უფლების, 2028 წლის 1 იანვრამდე საქართველოს საწარმოსთვის გადაცემის შემთხვევაში:

ა) ამ ოპერაციის ფარგლებში, შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს და პარტნიორი ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი/სარგებელი, რომელიც ამ კოდექსის მიზნისთვის განიხილება საქართველოს წყაროდან მიღებულ შემოსავლად, გათავისუფლებულია მოგების/საშემოსავლო გადასახადისგან;

ბ) აქტივის/საქონლისსაქართველოში შემოტანა/იმპორტი გათავისუფლებულია იმპორტის გადასახდელისგან. ამ ქვეპუნქტის გამოყენების წესს და პირობებს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი;

გ) საქართველოს საწარმო ამ ოპერაციის ფარგლებში მიღებულ აქტივთან დაკავშირებით გათავისუფლებულია ქონების გადასახადისგან, 2030 წლის 1 იანვრამდე.

შენიშვნა: 1. ეს ნაწილი გამოიყენება:

ა) თუ შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოსა და საქართველოს საწარმოში წილის/აქციების 100 პროცენტს ფლობს ერთი და იგივე ფიზიკური პირი (პირთა ჯგუფი);

ბ) მხოლოდ იმ აქტივის გადაცემის შემთხვევაში, რომელიც შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს საკუთრებაშია ამ ნაწილის ამოქმედების დღისთვის". - ნათქვამია კანონპროექტში, რომლის ინიციატორიც არიან საქართველოს პარლამენტის წევრები 'ქართული ოცნებიდან.

საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის ავტორებადაც მითითებული არიან დეპუტატები პაატა კვიჟინაძე, ანტონ ობოლაშვილი, ირაკლი კირცხალია, ბეჭან წაქაძე, ზაალ მიქელაძე, ირაკლი ზარქუა და გოგი მეშველიანი, პარლამენტში განსახილველად 10 აპრილს დარეგისტრირდა. მისი დაჩქარებული წესით განხილვის შესახებ გადაწყვეტილება პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა 15 აპრილს მიიღო. ამ დროს საქართველოს პარლამენტმა დაიწყო განხილვა კანონპროექტის "აგენტების შესახებ", რომლის საჭიროებასაც "ქართული ოცნება" გამჭვირვალობის აუცილებლობით ხსნის.

კანონპროექტის მიზანში საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის ინიციატორები წერენ, რომ ეს წაახალისებს ოფშორებიდან საქართველოში აქტივების გადმოტანის პროცესს.

საკანონმდებლო ცვლილებებს ეხმაურებიან პარლამენტის წევრები ოპოზიციიდან. დეპუტატი რომან გოცირიძე თვლის, რომ მოულოდნელად და დაჩქარებულად წარმოდგენილი კანონპროექტით "ბიძინა ივანიშვილს ეძლევა უფლება, დაუბეგრავად და შავი ფულის გათეთრების წინააღმდეგ მოქმედი ნორმების გვერდის ავლით, შემოიტანოს საქართველოში ოფშორებში გადამალული თავისი ქონება, წილები, აქციები". გოცირიძე თვლის, რომ "ქართული ოცნების" დამფუძნებელს და საპატიო თავმჯდომარეს ამ ცვლილებების საჭიროება სანქციების მოახლოებამ გაუჩინა.

"კანონი ეხება მხოლოდ მას, რადგან ერთი ფიზიკური პირი უნდა ფლობდებს ოფშორული აქტივების 100 პტოცენტს. ახლა ნათელი მოეფინა, თუ რატომ აყიდინა ეროვნულ ბანკს ნახევარი მილიარდი დოლარის ღირებულების 7 ტონა ოქრო და რატომ ჩამოაქვთ საქართველოში დასასაწყობლებლად. ელოდა სანქციებს! გასაქცევი ადგილიც კი არა აქვს, აქ აპირებს ქვეყნის პირად ციხე-სიმაგრედ გადაქცევას" - წერს რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.

სანქციებზე "გირჩის" წევრი დეპუტატი სანდრო რაქვიაშვილიც.

"როგორც ჩანს, ოცნება შესაძლო სანქციებისთვის ემზადება. დაჩქარებული წესით, საგადასახადო ამნისტიასთან ერთად, შემოდის დროებითი ნორმა, რომლის თანახმად, თუ ფიზიკური პირი ოფშორული ტერიტორიებიდან საქართველოში გადმოიტანს კომპანიას, ის არ დაიბეგრება (ახლა იბეგრება, რათა ფულის გათეთრება არ ხდებოდეს). გარდა ამისა, თუ იგივე ფიზიკური პირი ამ პროცესში საქართველოში მის საკუთრებასაც შემოიტანს, მაგალითად, თვითმფრინავს ან მანქანას, ის ასევე არ დაიბეგრება იმპორტის გადასახადით და არც ქონების გადასახადით 2030 ლწამდე. ახლა გასარკვევია, თუ ვინ არის ის ფიზიკური პირი, ვისაც ოფშორულ ტერიტორიებზე კომპანიები აქვს და აპირებს იქიდან ფულის შემოტანას, თვითმფრინავებსა და მანქანებთან ერთად. რაიმე ვერსიები?", - წერს იგი სოციალურ ქსელში.

საქართველოს პარლამენტს ინიციირებული საკანონმდებლო ცვლილებების მისაღებად კიდევ ერთი მოსმენით მხარდაჭერა სჭირდება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები