თინა ბოკუჩავა – საპარლამენტო უმრავლესობას: რუსული კანონის კვალდაკვალ, დღეს თქვენ იღებთ რუსული ფულის კანონს

18-04-2024 13:26:33 პოლიტიკა

"რუსული კანონის კვალდაკვალ, დღეს თქვენ იღებთ რუსული ფულის კანონს", - ასე მიმართა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ პარლამენტის სხდომაზე უმრავლესობის წევრებს, სადაც საგადასახადო კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებს მეორე მოსმენით, დაჩქარებულად იხილავენ.

მისი თქმით, გუშინ „ქართულმა ოცნებამ“ პირველი მოსმენით, „მოღალატეობრივად და ხალხის ნების საწინააღმდეგოდ მიიღო რუსული კანონი“.

"ეს კანონი, რომელიც დღეს თქვენ გამოგაქვთ, ისევე როგორც რუსული კანონი, არ ემსახურება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ, ეროვნულ ინტერესებს. ის ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილის ოფშორული ფულის საქართველოში დაუბეგრავად გადმორიცხვის ინტერესს, ისევე, როგორც რუსი სანქცირებული თუ სხვა ოლიგარქების ოფშორული ფულის გადმორიცხვას საქართველოში ისე, რომ არ დაიბეგროს. საქართველოს მოქალაქეები იბეგრებიან და შემდეგ ამ ბეგარიდან აღებულ ფულს თქვენ ჯიბეში იდებთ, იმის ნაცვლად, რომ მათ მოახმაროთ. ასე რომ „რუსული კანონის“ კვალდაკვალ, დღეს თქვენ იღებთ რუსული ფულის კანონს“,-განაცხადა ბოკუჩავამ.

საქართველოს პარლამენტმა "აგენტების კანონის" განხილვის პარალელურად, დაჩქარებულად განიხილავს საგადასახადო კოდექსში შესატან ცვლილებებს, რომელიც შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში (ოფშორული ზონა) რეგისტრირებული კომპანიის საქართველოს საწარმოსთვის გადაცემის შემთხვევაში, საწარმოს და პარტნიორ ფიზიკურ პირს მიღებული შემოსავლის დაბეგვრისგან ათავისუფლებს. 17 აპრილის პლენარულ სხდომაზე ამ საკანონმდებლო ცვლილებებს პარლამენტმა მხარი უკვე დაუჭირა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები