რომან გოცირიძე – ოფშორიდან საქართველოში ბიზნესის გამარტივებულად გადმოტანის შესახებ კანონპროექტზე: "ხომ არ გადაიქცევა შავი ფულის სამრეცხაოდ ჩვენი ქვეყანა?"

18-04-2024 13:15:19 პოლიტიკა

"ხომ არ გადაიქცევა შავი ფულის სამრეცხაოდ ჩვენი ქვეყანა?", - ამის შესახებ "ევროოპტიმისტების" თავმჯდომარე რომან გოცირიძემ პარლამენტში პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც დაჩქარებული წესით განიხილება „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები, რომელიც ფიზიკური პირებისთვის 2021 წლის 1 იანვრამდე დარიცხული საგადასახადო დავალიანებების და საურავების ჩამოწერას ითვალისწინებს.

მისივე განცხადებით, კარგი იქნებოდა, მთავრობა დამდგარიყო საზოგადოების წინაშე და გაეცა პასუხი, „რატომ ხდება ფორსირებულად ოფშორებიდან ფიზიკური პირების მიერ ქონების გადმოტანის აქცია".

"ამ საკითხთან დაკავშირებით, რაც გადასახადების ჩამოწერას ეხებოდა, პრემიერ-მინისტრმა, ფინანსთა მინისტრმა ილაპარაკეს, ბრიფინგები მოაწყვეს და ეს პოპულისტური გადაწყვეტილებები წინასაარჩევნოდ უნდოდათ გაესაღებინათ რაღაც, მთავრობის ზრუნვად ხალხზე, მაგრამ უცბად აღმოჩნდა, რომ ორ დღეში უნდა მივიღოთ კანონი, რომელსაც ჰქვია ბიძინა ივანიშვილის ოფშორში განთავსებული აქტივების, აქციების, წილების, ქონების, თვითმფრინავების, რა ვიცი კიდევ რა შეიძლება ითქვას, საქართველოში დაუბეგრავად გადმოტანის შესახებ. ფაქტი მინდა აღვნიშნო და კარგი იქნებოდა, რომ ამ კანონის რეალური ავტორი - მთავრობა დამდგარიყო აქ საზოგადოების წინაშე და გაეცა პასუხი, რატომ ხდება ფორსირებულად ოფშორებიდან ფიზიკური პირების მიერ ქონების გადმოტანის აქცია, თუ შეიძლება ასე ითქვას. შეკითხვა მდგომარეობს შემდეგში - ხომ არ მოჰყვება ამას უკიდურესად გაუარესება ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციის, საინვესტიციო კლიმატის, ეს გავრცელდება თუ არა და რა თქმა უნდა, ამით ისარგებლებს უამრავი ის პირი, რომელიც საქართველოს მოქალაქე არ არის. აქ მოქალაქეობაზე არც არის საუბარი, რეზიდენტი გამოკვეთილი არც არის. საქართველოში ფულის გათეთრების შანსები გაუჩნდებათ, ხომ არ გადაიქცევა შავი ფულის სამრეცხაოდ ჩვენი ქვეყანა?“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

საქართველოს პარლამენტმა "აგენტების კანონის" განხილვის პარალელურად, დაჩქარებულად განიხილავს საგადასახადო კოდექსში შესატან ცვლილებებს, რომელიც შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში (ოფშორული ზონა) რეგისტრირებული კომპანიის საქართველოს საწარმოსთვის გადაცემის შემთხვევაში, საწარმოს და პარტნიორ ფიზიკურ პირს მიღებული შემოსავლის დაბეგვრისგან ათავისუფლებს. 17 აპრილის პლენარულ სხდომაზე ამ საკანონმდებლო ცვლილებებს პარლამენტმა მხარი უკვე დაუჭირა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები