რიჟვაძე ამბობს, რომ შსს მოქმედებდა "ზეპროფესიონალურად" და შეიძლება, ევროპელებსაც "ძალიან ბევრი" ასწავლონ

18-04-2024 11:51:16 პოლიტიკა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ თვლის, რომ მმართველ გუნდს „აგენტების კანონის“ ირგვლივ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით „გაპრავების“ საჭიროება არ უდგას.

ამასთან, ამბობს, რომ ყველა კადრი აქვს ნანახი და შინაგან საქმეთა სამინისტრო და შესაბამისი ძალები მოქმედებენ „ზეპროფესიონალურად“, მეტიც, მისი თქმით, „შეიძლება ევროპელებსაც ამ მიმართულებით ძალიან ბევრი ვასწავლოთ, როგორ უნდა გავცეთ აგრესიაზე და მათ შორის ზღვარგადასულ ბულინგზე პასუხი“. აქციის არაერთი მონაწილე საუბრობს პოლიციის მხრიდან ძალადობაზე. არსებობს კადრებიც, თუ როგორ ძალადობენ ძალოვანები ადამიანებზე.

“ჩვენ "გაპრავების" საჭიროება არ გვიდგას თქვენგან განსხვავებით. თქვენ მოგიწევთ "გააპრავოთ" ის დაფინანსებები კანონის საფუძველზე, რომელსაც იღებთ. ზოგიერთ შემთხვევაში გულწრფელი დამოკიდებულება გვაქვს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, მათ შორის ახალგაზრდების მხრიდან, ეს გასაგებია. რა თქმა უნდა, ჩვენ კომუნიკაციას არ დავაკლებთ, რომ კიდევ უფრო მეტად ავხსნათ, რამდენად კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ამ კანონის მიღება და ზოგადად, საჯარო სივრცეში მოქმედი ყველა ორგანიზაცია მაქსიმალურად უნდა იყოს გამჭვირვალე და ქართველ ხალხს აქვს უფლება იცოდეს, ყველა ორგანიზაცია, რომელიც ამ ქვეყანაში მოქმედებს, საიდან ფინანსდება და რა კონკრეტულ ინტერესებს ემსახურება და ატარებს.

მე სამწუხაროდ, არ მომისმენია არცერთი მხარდამჭერი განცხადება თქვენი მხრიდან, თქვენი კოლეგის მიმართ, ვხედავდით ზღვარგადასულ ბულინგს, რომელიც ხორციელდებოდა კონკრეტული მედიასაშუალების მიმართ. რაც შეეხება აქციას მყოფი ადამიანების მხრიდან წამოსულ აგრესიას, კიდევ ერთხელ დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო და შესაბამისი ძალები მოქმედებენ ზეპროფესიონალურად და შეიძლება ევროპელებსაც ამ მიმართულებით ძალიან ბევრი ვასწავლოთ, როგორ უნდა გავცეთ ამ აგრესიაზე და მათ შორის ზღვარგადასულ ბულინგზე პასუხი.

აგრესიას, რომელიც იყო დაფიქსირებული, გაეცა შესაბამისი პასუხი. ყველა კადრი მაქვს ნანახი”, - მიმართა თორნიკე რიჟვაძემ ჟურნალისტებს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები