ბეჟაშვილი: არავის უჭირავს ევროპის დროშა ისე ამაყად, როგორც დღეს ქართველ ახალგაზრდებს თბილისის ქუჩებში, როდესაც ებრძვიან რუსულ კანონს

18-04-2024 11:36:06 პოლიტიკა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ ლევან ბეჟაშვილმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა.

მისი თქმი, "არავის უჭირავს ევროპის დროშა ისე ამაყად, როგორც დღეს ქართველ ახალგაზრდებს თბილისის ქუჩებში, როდესაც იცავენ საქართველოს ევროპულ მომავალს და ებრძვიან რუსულ კანონს უცხოური აგენტების შესახებ".

ენმ–ის ინფორმაციით, ლევან ბეჟაშვილმა მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე, ნავალნის სიკვდილზე, საქართველოში დემოკრატიის ხარისხზე, აშშ-ს მხრიდან სანქცირებულ მოსამართლეებსა და რუსულ კანონზე ისაუბრა.

„სამწუხაროდ, ნავალნიზე წარსულში ვსაუბრობთ. რას ვაკეთებთ ახლა რომ იგივე არ დაემართოს კარა-მურზას, სააკაშვილს და სხვა პოლიტპატიმრებს? ჩვენს საზღვრებში დემოკრატიას საფრთხე ემუქრება. ჩვენ არ უნდა დავხუჭოთ თვალი დემოკრატიის საგანგაშო უკან დახევაზე საქართველოში. საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, იმედისა და დასავლური რეფორმების სიმბოლო, ციხეშია, რადგან გაბედა ოლიგარქ ივანიშვილის რეჟიმისთვის წინააღმდეგობის გაწევა. მისი პოლიტიკური პატიმრობა ხაზს უსვამს იმას, რომ ავტორიტარული რეჟიმები არ შეწყვეტენ ოპონენტების გაჩუმებას და ხელისუფლებაში დარჩენის მცდელობებს. ის ფაქტი, რომ სააკაშვილის საქმეში მონაწილე მოსამართლეები და ყოფილი გენერალური პროკურორი სანქცირებული იქნა აშშ-ს მიერ, მიუთითებს სასამართლოს დამოუკიდებლობისა და კანონის უზენაესობის ეროზიაზე საქართველოში.

არავის უჭირავს ევროპის დროშა ისე ამაყად, როგორც ბატონ კარა-მურზას პუტინის ციხეში. არავის უჭირავს ევროპის დროშა ისე ამაყად, როგორც დღეს ქართველ ახალგაზრდებს თბილისის ქუჩებში, როდესაც იცავენ საქართველოს ევროპულ მომავალს და ებრძვიან რუსულ კანონს უცხოური აგენტების შესახებ. არავის უჭირავს ევროპის დროშა ისე ამაყად, როგორც მიხეილ სააკაშვილს რუსი ოლიგარქის ციხეში. და არავის უჭირავს ევროპის დროშა ისე ამაყად, როგორც უკრაინელებს, როდესაც გმირულად იცავენ დემოკრატიას და სწირავენ სიცოცხლეს ბრძოლის ველზე.

მოგიწოდებთ, იგივე სიმამაცით ავიღოთ ევროპის დროშა, რომელიც დემოკრატიის, სამართლიანობისა და მჩაგვრელი რეჟიმების წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლოა. ჩვენ გვჭირდება უფრო გადამწყვეტი ქმედებები, გარდა რეზოლუციებისა",– განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები