აშშ-ის ყოფილი თავდაცვის ატაშე: „ვფიქრობ, რუსეთის ინტერვენცია საქართველოში შესაძლებელია მომდევნო კვირებში/თვეებში"

17-04-2024 22:14:23 პოლიტიკა

აშშ-ის ყოფილი თავდაცვის ატაშე თბილისში, ამერიკელი თადარიგის პოლკოვნიკი ბობ ჰამილტონი თბილისში მიმდინარე მოვლენების ფონზე საქართველოში რუსეთის ინტერვენციას არ გამორიცხავს.

ჰამილტონი, რომელიც ახლა ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელია, პლატფორმა X-ზე ვრცელ მოსაზრებას აქვეყნებს.

„არ მსურს, პანიკა გამოვიწვიო, მაგრამ ვფიქრობ, რუსეთის ინტერვენცია საქართველოში შესაძლებელია მომდევნო კვირებში/თვეებში“, - წერს იგი და ჩამოთვლის ხუთ მიზეზს, რის გამოც ასე ფიქრობს:

„ქართულმა ოცნებამ“ მიიღო „უცხოეთის აგენტების“ კანონი;

საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა ეწინააღმდეგება კანონს და ქუჩაშია გამოსული გასაპროტესტებლად;

მთავრობამ უკვე გამოიყენა ძალა დემონსტრანტების წინააღმდეგ. ამან შეიძლება, უფრო დიდი დემონსტრაციები გამოიწვიოს, ასევე, გამოწვიოს მთავრობისგან კიდევ უფრო მეტი ძალის გამოყენება;

ასეთ შემთხვევაში, რუსეთმა შეიძლება, გამოაცხადოს, რომ თბილისში „ხავერდოვანი რევოლუცია“ მიმდინარეობს;

"ქართული ოცნების" მთავრობამ შეიძლება, რუსეთს დახმარება სთხოვოს (როგორც ყაზახეთში მოხდა 2022 წელს); ან რუსეთმა უბრალოდ გააყალბოს თხოვნა მთავრობისგან და შეიჭრას, როგორც ეს არაერთხელ გაუკეთებია“.

მისი განცხადებით, დასავლეთის მთავრობებმა ამ სცენარის განხილვა უნდა დაიწყონ და გადაწყვიტონ, რა რეაგირება ექნებათ.

2022 წლის იანვარში ყაზახეთში მასობრივ პროტესტს, რომელიც სისხლისმღვრელ შეტაკებებში გადაიზარდა, ოფიციალური მონაცემებით, 227 ადამიანის, მათ შორის 19 პოლიციელის სიცოცხლე ემსხვერპლა.

პროტესტი მწვავე სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების ფონზე თხევადი გაზის ფასების მატებას მოჰყვა. დემონსტრაციები სწრაფად გავრცელდა მთელს ქვეყანაში. პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომარტ ტოყაევმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

მალევე, პრეზიდენტ ტოყაევის პასუხად, რუსეთის გარშემო შექმნილმა სამხედრო ალიანსმა, „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციამ“, კუხო-მ, ყაზახეთში ჯარისკაცები გაგზავნა. რუსეთის პრეზიდენტმს ვლადიმირ პუტინმა ინვერვენციასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მისი მიზანი იყო რეგიონული მოკავშირეების დაცვა „უცხოური ჩარევისაგან მოკავშირეთა შიდა საქმეებში“.

მესამ დღეა, თბილისში, პარლამენტის შენობასთან მოქალაქეები „აგენტების" შესახებ კანონპროექტს აპროტესტებენ. 17 აპრილს პარლამენტმა „აგენტების" შესახებ კანონი პირველი მოსმენით მიიღო. პროცედურის თანახმად, პარლამენტი კანონპროექტს განიხილავს და კენჭს უყრის სამი მოსმენით. საქართველოს პარლამენტის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, "აგენტების კანონის“ მე-3, საბოლოო მოსმენის სავარაუდო თარიღად 17 მაისია მითითებული.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები