Bassiani: "არა რუსულ კანონს, დაიკავე ქუჩა"

17-04-2024 19:28:29 საზოგადოება

ღამის კლუბი Bassiani საზოგადოებას აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს.

„ჩვენი ქვეყნის მმართველმა კლასმა არ იკმარა წლების განმავლობაში წარმოებული ანტისოციალური, ანტისახალხო პოლიტიკა, ეკონომიკური და კულტურული ჩაგვრები, რომლითაც ანაწევრებდა საზოგადოებას და ამით, ქვეყანას მხოლოდ საკუთარი პირადი კეთილდღეობის წყაროდ აქცევდა.

2023 წლის მარტში, საყოველთაო პროტესტის შედეგად უკან გაწვეული “რუსული კანონის” დაბრუნებითა და დღეს მისი პირველი მოსმენით მიღებით, ამ პოლიტიკურმა კლასმა საბოლოოდ განაცხადა, რომ მათი მიზანი არაა, და არასდროს ყოფილა საზოგადოების კეთილდღეობაზე ზრუნვა.

რუსული კანონი საქართველოს ართმევს წინსვლისა და განვითარების იმ გზებს, რომელიც, ქართველმა ხალხმა, ათწლეულების განმავლობაში, ყველა გამოწვევის, ომებისა და ნგრევის მიუხედავად, ერთად დგომითა და შეუპოვარი ბრძოლით მოიპოვა.

ამ მოღალატეობრივი და მავნებლური გადაწყვეტილების შემდეგ დუმილი დანაშაულის ტოლფასია, ხოლო მის წინააღმდეგ ხმის ამოღება, ქუჩაში გასვლა და ბრძოლა გამარჯვებამდე ქვეყნის თითოეული მოქალაქის ვალდებულებაა.

BASSIANI უერთდება სახალხო წინააღმდეგობას და იმედს ვიტოვებთ, ამ წინააღმდეგობის ნაწილი გახდება საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი ყველა ჯგუფი და ინდივიდი, რომლისთვისაც ამ ქვეყნის მომავალი ძვირფასი და მნიშვნელოვანია.

არა რუსულ კანონს, დაიკავე ქუჩა – დღეს, პარლამენტის წინ, 19:00″, – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის: „ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავს ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა.

კანონპროექტის განხილვა პარლამენტში 15 აპრილიდან ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. განხილვის პარალელურად, მესამე დღეა, საპროტესტო აქციები არ წყდება საკანონმდებლო ორგანოსთან. 16 აპრილს პარლამენტის შენობის ერთ-ერთ შესასვლელთან აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეცრაზმმა სავარაუდოდ, სპეციალური საშუალება, გაურკვეველი სითხე გამოიყენა დემონსტრანტების წინააღმდეგ. ამასთან, მოგვიანებით, სოციალურ ქსელებსა და მედიაში გავრცელდა კადრები, რომელშიც ასახულია, რომ სპეცდანიშნულების რაზმი მოქალაქეებს ფიზიკურად უსწორდება. როგორც პარლამენტთან ღამით დარჩენილმა აქციის მონაწილეებმა თქვეს, მათი დაშლა მოულოდნელად დაიწყო და სპეცრაზმელებმა დემონსტრანტები კონდახებით სცემეს. "პუბლიკის", "ტაბულას" და "აპრილის" ჟურნალისტები აცხადებენ, რომ ისინი სპეცრაზმელებმა პროფესული საქმიანობის შესრულებისას სცემეს.

17 აპრილს პარლამენტმა „აგენტების" შესახებ კანონი პირველი მოსმენით მიიღო. პროცედურის თანახმად, პარლამენტი კანონპროექტს განიხილავს და კენჭს უყრის სამი მოსმენით. საქართველოს პარლამენტის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, "აგენტების კანონის“ მე-3, საბოლოო მოსმენის სავარაუდო თარიღად 17 მაისია მითითებული.

ცოტა ხნის წინ გამართულ პრეს–კონფერენციაზე პრემიერ–მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კანონის საბოლოოდ მიღებას ვერაფერი დაუდგება წინ:

"მინდა, გავაფრთხილო ყველა, თავი შეიკავონ ძალადობისგან და პროვოკაციებისგან. ყველა სამართალდამრღვევი კანონის მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს. განსაკუთრებით მკაცრად მოეთხოვება პასუხი იმათ, ვინც კულისებში იმალებიან, ამას ვამბობ ხაზგასმით. არსებითად პროცესები წარიმართება კულისებიდან. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ყველა უნდა გავაფრთხილოთ, განსაკუთრებით კულისებიდან მოქმედი ადამიანები, რომლებიც შეცდომაში შეყვანილ ადამიანებს ძალადობისთვის და პროვოკაციებისთვის იყენებენ. სახელმწიფოს სუვერენიტეტის დაცვას და შესაბამისად კანონის საბოლოოდ მიღებას ვერაფერი დაუდგება წინ. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, სახელმწიფოს სუვერენიტეტის დაცვას და შესაბამისად კანონის საბოლოოდ მიღებას ვერაფერი დაუდგება წინ. ღირსებით, გამჭვირვალობით და სუვერენიტეტით ევროპისკენ. ეს არის ჩვენი დევიზი და სულისკვეთება".

პარლამენტთან აქცია ამ წუთებშიც იმართება. დემონსტრანტები "აგენტების" შესახებ კანონს აპროტესტებენ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები