პრემიერი: "უარგუმენტო განცხადებები ჩვენი გადაწყვეტილების გადასინჯვის საფუძველი ვერ გახდება, ყველას კიდევ ერთხელ ვთავაზობ ღია დისკუსიას"

17-04-2024 17:22:14

"ქართული ოცნება" "აგენტების" შესახებ კანონპროექტის უკან გაწვევას არ აპირებს. ამის შესახებ პრემიერ–მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„რაც შეეხება ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკოსების განცხადებებს, სამწუხაროა, რომ არც ერთი არგუმენტი არ იყო მოყვანილი, ვნახეთ შოლცის, სტოლტემბერგის განცხადება, დღეს გავრცელდა კიდევ კონკრეტული დიპლომატის განცხადება, რომელიც საქართველოში მუშაობს, არც ერთი არგუმენტი კანონის წინააღმდეგ არ იყო მოყვანილი, ნული არგუმენტი, გეუბნებიან, რომ კანონი ევროპულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება, რა ნაწილში, რომელი მუხლი, რატომ? - ნული არგუმენტი. ასეთ პირობებში რა თქმა უნდა, უარგუმენტო განცხადებები ვერ გახდება ჩვენი გადაწყვეტილების გადასინჯვის საფუძველი. ამიტომ, კიდევ ერთხელ, ყველას ვთავაზობ ღია დისკუსიას კანონპროექტის შესახებ, ეს მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ქართულმა საზოგადოებამ სრული ინფორმაცია მიიღოს კანონპროექტთან დაკავშირებით. თქვენ ხედავთ, როგორ გაურბოდნენ ქართველი პოლიტიკოსები დისკუსიას საქართველოს პარლამენტში, სათქმელი არ ჰქონდათ არაფერი. რაც შეეხებათ უცხოელებს, დიპლომატებს, პოლიტიკოსებს, არ შეიძლება ცალმხრივად განცხადებების კეთება არგუმენტების გარეშე“, - განაცხადა კობახიძემ.

მან ელჩები დებატებში კიდევ ერთხელ გამოიწვია.

"არ შეიძლება, ცალმხრივად განცხადებების კეთება არგუმენტების გარეშე. ყველას კიდევ ერთხელ ვთავაზობ ღია დისკუსიას. თუ სურთ ელჩებს, იყვნენ პოლიტიკური დებატების ნაწილი, ან უცხოელ პოლიტიკოსებს, ყველამ კეთილი უნდა ინებოს და საზოგადოების თანდასწრებით ღია დისკუსიაში უნდა ჩაერთოს. ჩემი წინადადება რჩება ძალაში", – განაცხადა კობახიძემ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები