იაგო ხვიჩია: „ქოცები“ განადგურებულები არიან, მათ შორის, ადამიანურადაც

17-04-2024 16:53:47 პოლიტიკა

დეპუტატ იაგო ხვიჩიას აზრით, საზოგადოებამ არსებული ვითარება ქვეყანაში ერთპიროვნული მმართველობის დასასრულებლად უნდა გამოიყენოს, თუ მას რეალურად სურს დამოუკიდებელ საზოგადოებად ჩამოყალიბება.

„ჩემი აზრით, „ქოცები“ განადგურებულები არიან – ადამიანურადაც... დეპუტატები, ვინც პარლამენტში იყვნენ, ტელეფონებიდან თავები არ აუწევიათ, ხუთი თუ ექვსი „ნაცი“ აბულინგებდათ, რადგან იცოდნენ, რომ ცუდ საქმეს სჩადიოდნენ. იმდენად ცხადია, რომ წაგებულია ეს თამაში, მართლა არ ვიცი რისი იმედი აქვთ...

მე მგონი დღეს მთელმა ქართულმა ელიტამ აჩვენა უპრეცედენტო ერთიანობა – ვერავინ წერს, რომ „ჩვენ რუსეთი გვინდა“. ვინმემ ეს რომ დაწეროს, სასაცილოა. ასეთი კანონი მიიღეს დღეს ქოცებმა, რომლის ლეგიტიმაცია არ გააჩნიათ და ამ ზაფხულს თუ არა, ამ არჩევნებზე მიიღებენ პასუხს იმაზე, რაც ჩაიდინეს და ეს ევალება ქართულ საზოგადოებას. თუ ჩვენ რეალურად გვინდა, ვიყოთ დამოუკიდებელი საზოგადოება, ეს შესაძლებლობა იმისთვის უნდა გამოვიყენოთ, რომ დავასრულოთ ერთპიროვნული მმართველობა ქვეყანაში: როცა ვინმეს ერთპიროვნულად ვანდეთ ქვეყანა, ყველამ საქმე გააფუჭა და ამათმა იქამდე მიიყვანეს საქმე, რომ ღიად პროამერიკულ ქვეყანაღი ღიად რუსულ კანონს იღებენ, ქვეყანას აკარგვინებენ ყველა პარტნიორს...თვითონაც ესმით რას აკეთებენ, ესმით, რომ მათ გვერდზე არავინ არ არის და საქართველოს პარლამენტის 83 დეპუტატი მარტოა ამ პროცესში. ასეთი საჩუქარი გაუკეთეს ქართულ საზოგადოებას... აქამდე ისინი ყოველთვის ახერხებდნენ ყურადღების გადატანას...ეგონათ საზოგადოებას გადატეხავდნენ“,– თქვა იაგო ხვიჩიამ.

მისი თქმით, ნებისმიერი პროფესიის ადამიანს დღეს ერთი რამ აერთიანებს – „გვესმის, სად არის ჩვენი მომავალი, შოთა რუსთაველის შემდეგ გვესმის“.

ის უმრავლესობის დეპუტატებს მიმართავს, "თუ ევროპა გინდა, ამას დროშების ქნევა არ სჭირდება, იცი რაც უნდა გააკეთო. როდესაც ამას არ აკეთებ, სინამდვილეში რუსეთს აძლევ ხმას და გაიძახი "ევროპა მინდაო" – ეს ყველაზე უარესი ამბავია".

საპარლამენტო უმრავლესობის 83–მა დეპუტატმა პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი „აგენტების კანონს“.