ბორელი: მოვუწოდებთ ლიდერებს, თავი შეიკავონ ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შეიძლება, დააზიანოს საქართველოს ევროპული გზა

17-04-2024 16:13:12 პოლიტიკა

ევროკავშირის უმაღლესი კომისარი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელი პარლამენტის მიერ „აგენტების" შესახებ კანონის პირველი მოსმენით მიღების ფაქტს ეხმიანება და "მოვუწოდებს ლიდერებს, თავი შეიკავონ ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შეიძლება, დააზიანოს საქართველოს ევროპული გზა".

"საქართველო: „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს. საბოლოო მიღების შემთხვევაში ის შეზღუდავს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის მუშაობას ისევე, როგორც გამოხატვის თავისუფლებას. ჩვენ მოვუწოდებთ ლიდერებს, თავი შეიკავონ ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შეიძლება, დააზიანოს საქართველოს ევროპული გზა", – წერს ბორელი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის: „ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავს ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა.

კანონპროექტის განხილვა პარლამენტში 15 აპრილიდან ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. განხილვის პარალელურად, მესამე დღეა, საპროტესტო აქციები არ წყდება საკანონმდებლო ორგანოსთან. 16 აპრილს პარლამენტის შენობის ერთ-ერთ შესასვლელთან აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეცრაზმმა სავარაუდოდ, სპეციალური საშუალება, გაურკვეველი სითხე გამოიყენა დემონსტრანტების წინააღმდეგ. ამასთან, მოგვიანებით, სოციალურ ქსელებსა და მედიაში გავრცელდა კადრები, რომელშიც ასახულია, რომ სპეცდანიშნულების რაზმი მოქალაქეებს ფიზიკურად უსწორდება. როგორც პარლამენტთან ღამით დარჩენილმა აქციის მონაწილეებმა თქვეს, მათი დაშლა მოულოდნელად დაიწყო და სპეცრაზმელებმა დემონსტრანტები კონდახებით სცემეს. "პუბლიკის", "ტაბულას" და "აპრილის" ჟურნალისტები აცხადებენ, რომ ისინი სპეცრაზმელებმა პროფესული საქმიანობის შესრულებისას სცემეს.

17 აპრილს პარლამენტმა „აგენტების" შესახებ კანონი პირველი მოსმენით მიიღო. პროცედურის თანახმად, პარლამენტი კანონპროექტს განიხილავს და კენჭს უყრის სამი მოსმენით. საქართველოს პარლამენტის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, "აგენტების კანონის“ მე-3, საბოლოო მოსმენის სავარაუდო თარიღად 17 მაისია მითითებული.

ვინ დაუჭირა „აგენტების" შესახებ კანონს მხარი პირველი მოსმენით (სია).

ახალი ამბები

სხვა სიახლეები