მედვედევი რუსეთის ათასობით მოქალაქის "უცხოეთის აგენტებად" გამოცხადებასა და მათთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის შემოღებას მოითხოვს

17-04-2024 15:30:53 პოლიტიკა

საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის მიერ დღეს პირველი მოსმენით მიღებული კანონის ერთ-ერთი მეხოტბე, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების "დამოუკიდებელ ქვეყნებად" ოფიციალურად ამღიარებელი ექს-პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი რუსეთის ათასობით მოქალაქის "უცხოეთის აგენტებად" გამოცხადებასა და მათთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის შემოღებას მოითხოვს.

"აუცილებელია, რუსეთში "უცხოეთის აგენტის" სტატუსით მოსარგებლე პირთა წრე მნიშნელოვნად გაფართოვდეს და მათთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესდეს. ამ მიზნით "უცხოური გავლენის ქვეშ მყოფ პირთა საქმიანობაზე კონტროლის შესახებ" კანონში უნდა შევიტანოთ რიგი დამატებები ამერიკული უცხიეთის აგენტების რეგისტრაციის შესახებ ამერიკული კანონიდან (FARA). მაგალითად, დავაწესოთ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა უცხოეთის აგენტებისთვის, როგორც ეს შტატებშია გათვალისწინებული და ამავდროულად ათასობამდე მივიყვანოთ უცხოეთის აგენტების რაოდენობა, როგორც ეს მათთანაა. ღირსეული კანდიდატები ნამდვილად მოიძებნებიან - კარგად ეძებეთ!" - წერს მედვედევი თავის ტელეგრამ-არხში.

ამასთან, მან ამერიკელებს "თანდიმდევრული ხალხი" უწოდა და არგუმენტად ის მოიყვანა, რომ "ისინი 1938 წლიდან, როცა ეს კა ონი იქნა მიღებული, შეურიგებლები არიან ამერიკული სახელმწიფოს მტრების მიმართ".

რუსეთის კანონმდებლობა უკვე ითვალისწინებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას „უცხოეთის აგენტებისთვის“. ასე, „უცხოეთის აგენტების“ მუშაობა რეესტრში ჩაურთველად ისჯება როგორც ადმინისტრაციული, ისე სისხლის სამართლებრივი წესით. "უცხოეთის აგენტებად" გამოცხადებული ორგანიზაციებისა და მედიის ხელმძღვანელთთათვის ამ შემთხვევაში გათვალისწინებულია მაქსიმალური სასჯელი თავისუფლების 2-წლამდე ვადით აღკვეთის სახით, ხოლო "უცხოეთის აგენტებად" გამოცხადებულ ფიზიკურ პირთათვის - 5 წლამდე ვადით. "აგენტად" ნებაყოფლობითი რეგისტრაციის მოთხოვნის მრავალჯერადად შეუსრულებლობის შემთხვევაში სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა მძიმდება.

ცნება „უცხოური აგენტი“ პირველად რუსეთის კანონმდებლობაში 2012 წელს გამოჩნდა და ვრცელდებოდა მხოლოდ იმ არაკომერციულ ორგანიზაციებზე, რომლებიც კრემლის შეფასებით, პოლიტიკურ საქმიანობას ეწეოდნენ. "უცხოეთის აგენტი" მედიასაშუალებების შესახებ კანონი მხოლოდ მოგვიანებით, 2017 წელს მიიღეს, 2019 წელს კი მასში შეიტანეს შესწორებები, რომელთა მიხედვით, ეს სტატუსი შეიძლება, მიენიჭოს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებიც "ავრცელებენ ან მონაწილეობენ უცხოეთის აგენტი მედიასაშუალებების პროდუქციის შექმნაში და უცხოეთიდან ფინანსდებიან".

2022 წლის ივლისში ხელმოწერილი „უცხოური გავლენის ქვეშ მყოფ პირთა საქმიანობის კონტროლის შესახებ“ კანონის თანახმად, „უცხოეთის აგენტად“ გამოცხადებისთვის არ არის აუცილებელი უცხოური წყაროდან დაფინანსების მიღება - თუნდაც ასეთი დაფინანსების არარსებობის შემთხვევაში ხელისუფლებამ შეიძლება, პირები "უცხოეთის აგენტების" რეესტრში გაატაროს. ასევე შემოღებულ იქნა "უცხოეთის აგენტთან აფილირებული ფიზიკური პირის" ცნება.

2022 წლის 1 დეკემბრიდან კი რუსეთის იუსტიციის სამინისტრო აქვეყნებს „უცხოეთის აგენტების“ ერთიან სიას. ამჟამად მასში 656 ორგანიზაცია და ფიზიკური პირია.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები