პარლამენტის თავმჯდომარე პრეზიდენტს კვლავ აკრიტიკებს: "ხელისუფლებას უჩივის სხვა ქვეყნის ხელისუფლებაში, საფრანგეთის პრეზიდენტი რა შუაშია საერთოდ"

17-04-2024 12:08:30 პოლიტიკა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პრეზიდენტს კიდევ ერთხელ აკრიტიკებს და აცხადებს, რომ იგი ყველანაირ ზღვარს სცდება. ასე აფასებს შალვა პაპუაშვილი სალომე ზურაბიშვილის მიერ ევროპული საბჭოს პრეზიდენტისთვის და საფრანგეთის პრეზიდენტისთვის მიმართვას, რომ საქართველოში განვითარებული მოვლენები ევროპული საბჭოს სხდომაზე განიხილონ.

პაპუაშვილის აზრით, პრეზიდენტი საკუთარი ქვეყნის ხელისუფლებას უჩივის სხვა ქვეყნის ხელისუფლებაში.

"ქალბატონი სალომე უკვე ყველანაირ ზღვარს სცდება. რა გამოდის, რომ საკუთარ ხელისუფლებას უჩივის სხვა ქვეყნის ხელისუფლებაში?ასეთი რამე, ასეთი გამოცდილება თუ არსებობს ისტორიაში, არ ვიცი. გვახსოვს, როდესაც საქართველო 30 წლის უკან იყო ნაწილი საბჭოთა კავშირის და ცენტრში მიდიოდა ჩივილები. თუ ეს მიდგომა აქვს, რომ ვიღაცას უნდა უჩივლოს სხვა სახელმწიფოში, საფრანგეთის პრეზიდენტი რა შუაშია საერთოდ საქართველოს პარლამენტის საქმიანობასთან? აბსოლუტურად გაუგონარი დამოკიდებულებაა ქალბატონი სალომეს მხრიდან ქვეყნის მიმართ. როგორც ჩანს, სახელმწიფოდ არ თვლის ამ ქვეყანას. პარლამენტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც ხალხის წარმომადგენელია. ფიქრობს, რომ უცხო ქვეყნის ლიდერებთან უნდა იჩივლოს ქართველი ხალხის წინააღმდეგ, რომ შემდეგ, ქართველი ხალხის ლიდერები დაარწმუნონ, რა კანონი მიიღონ და რა - არა. საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ძირის გამოთხრაა, როდესაც ჩვენი ქვეყნის ყოფნა საერთაშორისო თანამეგობრობაში ქალბატონ სალომეს და ბევრს, ამ ჯგუფიდან, ისე მიაჩნია, რომ საქართველოს უნდა უკარნახონ სხვა ქვეყნის ლიდერებმა, რა აკეთონ და რა - არა. არცერთი არგუმენტი არ წარმოადგინეს ამ საკითხთან დაკავშირებით. ერთადერთი, რაც გვესმის, ისაა, რომ ვიღაცამ თქვა, რა კანონი უნდა მივიღოთ და რა - არა. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში უმარტივეს საკითხებზეა მსჯელობა - თუ დააკვირდებით რადიკალურ ჯგუფებს, რომლებიც ამ დღეების განმავლობაში აგრესიაში იყვნენ ჩართულები, ყველას უკან წყაროდ ნახავთ NED-ის, EED-ის დაფინანსებას. გამოაქვეყნონ, რას უმალავენ ქართველ ხალხს?“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს მიმართა, საქართველოში განვითარებული მოვლენები ევროპული საბჭოს ხვალინდელ სხდომაზე განიხილონ, მიუხედავად იმისა, რომ საკითხი სხდომის დღის წესრიგში შეტანილი არ არის,– ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ინფორმაცია 16 აპრილს გაავრცელა.

მანამდე ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი მკაფიო განცხადებით გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის მიერ პარლამენტში "აგენტების" შესახებ კანონპროექტის კვლავ ინიიცირებას და ხაზი გაუსვა, რომ ის საქართველოს ევროკავშირს დააშორებს:

„ქართველმა ხალხმა აირჩია ევროპული გზა და პასუხად, ევროპულმა საბჭომ საქართველოს გასულ დეკემბერში კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. ნება მომეცით, ვიყო მკაფიო: უცხოური გავლენის გამჭვირვალობაზე კანონპროექტი არ შეესაბამება საქართველოს ევროკავშირში მისწრაფებებს, მისი გაწევრების ტრაექტორიას და საქართველოს ევროკავშირს დააშორებს, არ მიაახლოებს”.

ცნობისთვის: „ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავს ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა. საქართველოს პარლამენტის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, „აგენტების კანონის“ მე-3, საბოლოო მოსმენის სავარაუდო თარიღად 17 მაისია მითითებული.

კანონპროექტის განხილვა პარლამენტში 15 აპრილიდან ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. განხილვის პარალელურად, მესამე დღეა, საპროტესტო აქციები არ წყდება საკანონმდებლო ორგანოსთან. 16 აპრილს პარლამენტის შენობის ერთ-ერთ შესასვლელთან აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეცრაზმმა სავარაუდოდ, სპეციალური საშუალება, გაურკვეველი სითხე გამოიყენა დემონსტრანტების წინააღმდეგ. ამასთან, მოგვიანებით, სოციალურ ქსელებსა და მედიაში გავრცელდა კადრები, რომელშიც ასახულია, რომ სპეცდანიშნულების რაზმი მოქალაქეებს ფიზიკურად უსწორდება. როგორც პარლამენტთან ღამით დარჩენილმა აქციის მონაწილეებმა თქვეს, მათი დაშლა მოულოდნელად დაიწყო და სპეცრაზმელებმა დემონსტრანტები კონდახებით სცემეს. "პუბლიკის", "ტაბულას" და "აპრილის" ჟურნალისტები აცხადებენ, რომ ისინი სპეცრაზმელებმა პროფესული საქმიანობის შესრულებისას სცემეს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები