DRI: ხელისუფლების მხრიდან შეკრებისა და გამოხატვის კონსტიტუციური უფლება უგულებელყოფილია

17-04-2024 10:36:03 პოლიტიკა ,საზოგადოება

"დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი" (DRI) აცხადებს, რომ ხელისუფლების მხრიდან შეკრებისა და გამოხატვის კონსტიტუციური უფლება უგულებელყოფილია.

"16 აპრილს, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა „რუსული კანონის“ წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე. საქართველოს ხელისუფლება მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეებს კვლავ ძალისმიერი მეთოდებით დაუპირისპირდა.

მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული კადრებიდან ჩანს, რომ სპეციალური საშუალებების გამოყენების შედეგად, არაერთი მშვიდობიანი დემონსტრანტი დაშავდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ, დაახლოებით, 22:00 საათისთვის დაიწყო მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ აქტიური სპეციალური საშუალებების, სავარაუდოდ, წიწაკის სპრეის გამოყენება. მოგვიანებით, 00:30 საათისთვის, შსს-მ წიწაკის სპრეი კვლავ გამოიყენა გაუფრთხილებლად, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, პროტესტის დროს სპეციალური საშუალებების გამოყენება უნდა აკმაყოფილებდეს ლეგიტიმურობისა და პროპორციულობის ტესტს. სამართალდამცავების მხრიდან იძულების ღონისძიებების, მათ შორის, აქტიური სპეციალური საშუალებების გამოყენება დასაშვებია კანონიერი მიზნის მისაღწევად, უკიდურესი აუცილებლობის დროს, მხოლოდ მაშინ, როდესაც აქცია იღებს ძალადობრივ ხასიათს.

საგანგაშოა ის ფაქტიც, რომ სამართალდამცავები ფიზიკურად გაუსწორდნენ აქციის რამდენიმე მონაწილეს, მათ შორის, ჟურნალისტებსა და პოლიტიკოსებს. სამართალდამცავის უმთავრესი ვალდებულება მოქალაქეთა უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვაა. სამწუხაროდ, დღეს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართული საპროტესტო აქციის დროს, სამართალდამცავები თავად უქმნიდნენ საფრთხეს ადამიანთა ჯანმრთელობას.სამართალდამცავების მხრიდან სპეციალური საშუალებების უკანონოდ გამოყენებასა და აქციის მონაწილეთა ფიზიკურ შეურაცხყოფას თან ერთოდა ადმინისტრაციული წესით დაკავების ფაქტებიც. ამ დროისთვის, 10-ზე მეტი ადამიანი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის საფუძველზეა დაკავებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, აქციის მონაწილეები არ დაემორჩილნენ სამართალდამცავების კანონიერ მოთხოვნას და განახორციელეს ძალადობრივი ქმედებები.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ერთმანეთისაგან მიჯნავს აქციის იმ მონაწილეებს, რომლებიც მიმართავენ ძალადობას და მეორე მხრივ, დემონსტრანტებს, რომლებიც პროტესტს მშვიდობიანი ფორმით გამოხატავენ. მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ვიდეო-მასალით და დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის დამკვირვებლების ინფორმაციით, დაკავებულებს შორის არაერთი მშვიდობიანი დემონსტრანტია, რომლებიც აქციაზე პროტესტს მშვიდობიანი ფორმით გამოხატავდნენ.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მოუწოდებს:

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს:

  • უზრუნველყოს აქციის მშვიდობიანად ჩატარება; დემონსტრანტების მხრიდან ძალადობრივი შემთხვევების დადასტურებისას, ლოკალურად, ინდივიდუალური ღონისძიებების განხორციელებით აღმოფხვრას შესაბამისი ფაქტი, მოქალაქეებისთვის კონსტიტუციით გარანტირებული უფლებებით სარგებლობისთვის ხელშეშლის გარეშე.

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს:

  • სწრაფად და ობიექტურად გამოიძიოს სამართალდამცავების მხრიდან ძალის შესაძლო გადამეტების ფაქტები და შეამოწმოს სპეციალური საშუალებების გამოყენების შესახებ ბრძანების კანონიერება", – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის: „ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავს ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა. საქართველოს პარლამენტის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, „აგენტების კანონის“ მე-3, საბოლოო მოსმენის სავარაუდო თარიღად 17 მაისია მითითებული.

კანონპროექტის განხილვა პარლამენტში 15 აპრილიდან ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. განხილვის პარალელურად, მესამე დღეა, საპროტესტო აქციები არ წყდება საკანონმდებლო ორგანოსთან. 16 აპრილს პარლამენტის შენობის ერთ-ერთ შესასვლელთან აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეცრაზმმა სავარაუდოდ, სპეციალური საშუალება, გაურკვეველი სითხე გამოიყენა დემონსტრანტების წინააღმდეგ. ამასთან, მოგვიანებით, სოციალურ ქსელებსა და მედიაში გავრცელდა კადრები, რომელშიც ასახულია, რომ სპეცდანიშნულების რაზმი მოქალაქეებს ფიზიკურად უსწორდება. როგორც პარლამენტთან ღამით დარჩენილმა აქციის მონაწილეებმა თქვეს, მათი დაშლა მოულოდნელად დაიწყო და სპეცრაზმელებმა დემონსტრანტები კონდახებით სცემეს. "პუბლიკის", "ტაბულას" და "აპრილის" ჟურნალისტები აცხადებენ, რომ ისინი სპეცრაზმელებმა პროფესული საქმიანობის შესრულებისას სცემეს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები