ივა ფეზუაშვილი: არ მოდუნდეთ, ახლა ჩვენი ჯერია

17-04-2024 10:32:17 საზოგადოება

„არ მოტყუვდე და არ მოდუნდეთ, ახლა ჩვენი ჯერია”, – ასე მიმართავს მწერალი ივა ფეზუაშვილი თანამოქალაქეებს.

ფეზუაშვილის "პოსტს" უცვლელად გთავაზობთ:

„სანამ საკუთარი მოქალაქეების დასაგლეჯად და მიწასთან გასასწორებლად ცერბერებს დაგეშავენ, იქამდე ასეთ ტექსტს გვასმენინებენ – “გთხოვთ მოარიდოთ წესრიგის დაცვის ადგილს: ქალები, ბავშვები და მოხუცები”. ამ მზრუნველობამ არ მოგატყუოთ.

ამათმა უკვე დაგლიჯეს და მიწასთან გაასწორეს ქალები, როდესაც ქალებზე დადასტურებულად მოძალადეებს სამთავრობო კონცერტებზე ამღერებენ, ქალის შევიწროებაში ბრალდებულს პროპაგანდისტული ტელევიზია ჩააბარეს, კვოტირება გააუქმეს.

ესენი არც ბავშვებს ინდობენ.

ამ ქვეყნის მოსწავლეების 35% სკოლაში ყოველთვის მშიერია. ყოველი მეხუთე ბავშვის მინიმალური საარსებო მოთხოვნები დაუკმაყოფილებელია. ეს მ ო ნ ე ბ ი კი ცოცხალი თავით არ იწყებენ სკოლაში უფასო კვების პროგრამას!

რატომ? იმიტომ რომ რუსეთს არ დაუვალებია!

ამათმა მოხუცებსაც გადაუარეს!

მიწასთან გაასწორეს, საპენსიო სესხებით და ოვერდრაფტებით, ფარმაცევტული მაფიით, სამარცხვინო პენსიით და სასიცოცხლო პროდუქტებზე ფასების მუდმივი მატებით.

ასე რომ არ მოტყუვდე და არ მოდუნდეთ, ახლა ჩვენი ჯერია, ახლა ჩვენ უნდა მოვაშოროთ წესრიგის დაცვის ადგილს ქოცები, პუტინის მონები და სერგო ორჯონიკიძეები”.

ცნობისთვის: „ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავს ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა. საქართველოს პარლამენტის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, „აგენტების კანონის“ მე-3, საბოლოო მოსმენის სავარაუდო თარიღად 17 მაისია მითითებული.

კანონპროექტის განხილვა პარლამენტში 15 აპრილიდან ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. განხილვის პარალელურად, მესამე დღეა, საპროტესტო აქციები არ წყდება საკანონმდებლო ორგანოსთან. 16 აპრილს პარლამენტის შენობის ერთ-ერთ შესასვლელთან აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეცრაზმმა სავარაუდოდ, სპეციალური საშუალება, გაურკვეველი სითხე გამოიყენა დემონსტრანტების წინააღმდეგ. ამასთან, მოგვიანებით, სოციალურ ქსელებსა და მედიაში გავრცელდა კადრები, რომელშიც ასახულია, რომ სპეცდანიშნულების რაზმი მოქალაქეებს ფიზიკურად უსწორდება. როგორც პარლამენტთან ღამით დარჩენილმა აქციის მონაწილეებმა თქვეს, მათი დაშლა მოულოდნელად დაიწყო და სპეცრაზმელებმა დემონსტრანტები კონდახებით სცემეს. "პუბლიკის", "ტაბულას" და "აპრილის" ჟურნალისტები აცხადებენ, რომ ისინი სპეცრაზმელებმა პროფესული საქმიანობის შესრულებისას სცემეს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები