ბორელი: ევროკავშირი ირანის წინააღმდეგ სანქციების გაფართოებაზე მუშაობას იწყებს

17-04-2024 08:40:58 მსოფლიო

ისრაელზე ირანის თავდასხმის საპასუხოდ, ევროკავშირი თეირანის წინააღმდეგ სანქციების გასაფართოებლად მოემზადება, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

მისი თქმით, ის მხარს უჭერს წინადადებას.

როგორც მან აღნიშნა, ევროკავშირის ზოგიერთმა წევრმა ქვეყანამ ასევე დააყენა ირანის დომინანტური სამხედრო ძალის, რევოლუციის გვარდიის კორპუსის სანქციების დაწესების საკითხი, თუმცა ჯოზეფ ბორელმა კვლავ დააფიქსირა ევროკავშირის პოზიცია, რომ კორპუსი შეიძლება მხოლოდ ტერორისტულ ორგანიზაციად დასახელდეს, თუ ევროკავშირი აღმოაჩენს, რომ ჯგუფი ტერორისტულ საქმიანობაშია ჩართული.

ცნობისთვის: 14 აპრილს ევროპის დროით დაახლოებით 1.45 საათიდან ისრაელში დაიწყო საჰაერო განგაშის მაუწყებელი სირენების ხმა. ირანიდან გაშვებული უპილოტო საფრენი აპარატები და რაკეტები ისრაელის საჰაერო სივრცეში შევიდნენ. ისრაელის ცნობით, ირანის მიერ გამოყენებული 300-ზე მეტი დრონისა და რაკეტის 99%–ის განეიტრალება მოკავშირეებთან ერთად შეძლეს. ისრაელის სასწრაფო დახმარების სამსახურის ცნობით, ირანის დარტყმებს მსხვერლი არ მოჰყოლია, დაშავდა 32 პირი.

ისრაელსა და ირანს შორის ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბა მას შემდეგ, რაც ირანული მედიის ინფორმაციით, 1 აპრილს ისრაელმა ავიადარტყმა განახორციელა დამასკოში მდებარე ირანის საკონსულოს შენობაზე, რის შედეგადაც „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ შვიდი წევრი დაიღუპა. ირანის ცნობით, თავდასხმისას დაღუპულებს შორის არიან ირანის საგანგებო დანიშნულების რაზმების, ყუდსის ძალების ერთ-ერთი მეთაური, ბრიგადის გენერალი მოჰამედ რეზა ზაჰედი, მისი მოადგილე, ბრიგადის გენერალი მოჰამედ ჰადი რაჰიმი და მათი ხუთი კოლეგა. სირიაში მომხდარის გამო თეირანი საპასუხო ზომებით დაიმუქრა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები