ჯეიკ სალივანი: აშშ ირანს ახალ სანქციებს დაუწესებს

17-04-2024 08:35:09 მსოფლიო

შეერთებული შტატები უახლოეს მომავალში ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას გეგმავს, - ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა განაცხადა.

„ისრაელის წინააღმდეგ ირანის უპრეცედენტო საჰაერო თავდასხმის შემდეგ პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კოორდინაციაშია მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, მათ შორის – „დიდ შვიდეულთან“ და კონგრესის ლიდერებთან ყოვლისმომცველი პასუხის გასაცემად“, - განაცხადა სალივანმა.

მისი თქმით, შეერთებული შტატები მოელის, რომ ირანის წინააღმდეგ სანქციებს აშშ-ის მოკავშირეები და პარტნიორებიც უახლოეს მომავალში დააწესებენ.

მანამდე, აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა, ჯანეტ იელენმა ასევე განაცხადა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია გამოიყენებს სანქციებს „ირანის რეჟიმის საზიანო და დესტაბილიზაციის გამომწვევი აქტივობის აღსაკვეთად“.

ცნობისთვის: 14 აპრილს ევროპის დროით დაახლოებით 1.45 საათიდან ისრაელში დაიწყო საჰაერო განგაშის მაუწყებელი სირენების ხმა. ირანიდან გაშვებული უპილოტო საფრენი აპარატები და რაკეტები ისრაელის საჰაერო სივრცეში შევიდნენ. ისრაელის ცნობით, ირანის მიერ გამოყენებული 300-ზე მეტი დრონისა და რაკეტის 99%–ის განეიტრალება მოკავშირეებთან ერთად შეძლეს. ისრაელის სასწრაფო დახმარების სამსახურის ცნობით, ირანის დარტყმებს მსხვერლი არ მოჰყოლია, დაშავდა 32 პირი.

ისრაელსა და ირანს შორის ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბა მას შემდეგ, რაც ირანული მედიის ინფორმაციით, 1 აპრილს ისრაელმა ავიადარტყმა განახორციელა დამასკოში მდებარე ირანის საკონსულოს შენობაზე, რის შედეგადაც „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ შვიდი წევრი დაიღუპა. ირანის ცნობით, თავდასხმისას დაღუპულებს შორის არიან ირანის საგანგებო დანიშნულების რაზმების, ყუდსის ძალების ერთ-ერთი მეთაური, ბრიგადის გენერალი მოჰამედ რეზა ზაჰედი, მისი მოადგილე, ბრიგადის გენერალი მოჰამედ ჰადი რაჰიმი და მათი ხუთი კოლეგა. სირიაში მომხდარის გამო თეირანი საპასუხო ზომებით დაიმუქრა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები