წარმომადგენელთა პალატის ოთხი კომიტეტის თავმჯდომარეებმა ჯონსონის გეგმას მხარი დაუჭირეს

17-04-2024 08:30:46 მსოფლიო

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ოთხი ძალოვანი კომიტეტისა და ერთი ქვეკომიტეტის რესპუბლიკელებმა თავმჯდომარეებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც ნათქვამია, რომ მხარს უჭერენ წარმომადგენელთა პალატის სპიკერის მაიკ ჯონსონის გეგმას, მიმდინარე კვირაში კენჭისყრაზე გაიტანონ ცალ-ცალკე კანონპროექტები უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის დახმარების თაობაზე. ამ დრომდე ეს წინადადებები მოქცეული იყო ერთობლივ პაკეტში, რომელიც თებერვალში სენატმა ამ სახით დაამტკიცა.

წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობას რესპუბლიკელები ფლობენ. მათი ნაწილი უკრაინისთვის დახმარების გაგრძელების წინააღმდეგია. მიიჩნევა, რომ თუკი პაკეტს კენჭისყრაზე გაიტანენ, ის წარმომადგენელთა პალატის მიერაც იქნება მოწონებული დემოკრატების, ასევე რესპუბლიკელთა ნაწილის მხარდაჭერის წყალობით.

"ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მომხრე რესპუბლიკელთა ფრთა ჯონსონისგან მოითხოვდა, არ დაეყენებინა პაკეტი კენჭისყრაზე, რასაც იგი მართლაც დიდხანს არ აკეთებდა. მაგრამ, როგორც ჩანს, მხოლოდ ახლა შეიცვალა პოზიცია", – იუწყება BBC.

„სპიკერმა ჯონსონმა წარმოადგინა გეგმა, რომელიც მხარს დაუჭერს აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონში. ჩვენ ზედმეტი დრო არ გვაქვს, როცა საქმე ეხება ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებას. დახმარების ეს პაკეტი მიმდინარე კვირაში უნდა მივიღოთ", – ნათქვამია, Reuters-ის ცნობით, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალების, უცხოეთის საკითხთა, დაზვერვის, საბიუჯეტო კომიტეტებისა და თავდაცვის ბიუჯეტის ქვეკომიტეტის თავმჯდომარეთა ერთობლივ განცხადებაში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები