ყირიმში, სამხედრო აეროდრომის რაიონში აფეთქებების შესახებ იუწყებიან

17-04-2024 08:25:24 მსოფლიო

რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ქალაქ ჯანკოიში გამთენიისას რამდენიმე აფეთქება მოხდა. ადგილობრივ მცხოვრებთა მიერ სოციალური ქსელებით გავრცელებული ცნობებით, ჯანკოის სამხედრო აეროდრომის რაიონში ძლიერი ხანძარი გაჩნდა.

გამოცემა „ასტრამ“ გაავრცელა ვიდეოები, რომლებზეც მისი ინფორმაციით, ასახულია აფეთქებებით გამოწვეული ხანძარი. ადგილობრივი ტელეგრამ-არხების ცნობით, ქალაქში საჰაერო განგაში მხოლოდ აფეთქებების შემდეგ გამოცხადდა.

რუსეთს ჯანკოიზე შეტევის შესახებ ჯერ–ჯერობით არაფერი უთქვამს.

უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, უკრაინის თავდაცვის ძალებმა ჯანკოიში მდებარე სამხედრო ობიექტებზე დრონებით არაერთი იერიში მიიტანეს.

ქალაქი ჯანკოი ყირიმის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთში მდებარეობს. რუსული წყაროების თანახმად, ჯანკოის სამხედრო აეროდრომზე დისლოცირებულია რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის ვერტმფრენების 39-ე პოლკი და სამი საავიაციო ესკადრილია. ასევე, უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო განყოფილების ვერტმფრენები.

უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძული რუსეთის მიერ ანექსირებულია 2014 წლიდან.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები