ომბუდსმენის აპარატი: აქციაზე დაკავებულთაგან ერთი პირი მიუთითებდა პოლიციელების მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე, აღენიშნებოდა დაზიანებაც

16-04-2024 18:31:12 საზოგადოება ,სამართალი

სახალხო დამცველის რწმუნებულებმა თბილისში, პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 15 აპრილის ღამეს დაკავებული 10 პირი მოინახულეს,– იტყობინება სახალხო დამცველის აპარატი.

ომბუდსმენის აპარატის ცნობით, დროებითი მოთავსების იზოლატორში მყოფთაგან ერთი პირი მიუთითებდა პოლიციელების მხრიდან განხორციელებულ არასათანადო მოპყრობაზე, რაზეც სურდა რეაგირება; აღენიშნებოდა დაზიანებაც. შესაბამისად, სახალხო დამცველის აპარატმა ფაქტის გამოძიების მოთხოვნით უკვე მიმართა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს.

„სახალხო დამცველის აპარატი კვლავ გააგრძელებს აქციების მონიტორინგს და მანდატის ფარგლებში მოახდენს შესაბამის რეაგირებას ადამიანის უფლებადარღვევის ყველა ფაქტზე.

უფლებადარღვევის შემთხვევებზე შეტყობინების მიღების მიზნით, სახალხო დამცველის აპარატის ცხელი ხაზი - 14 81 - მუშაობს 24 საათიან რეჟიმში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები