პარლამენტმა ალტერნატიული კანონპროექტები ჩააგდო და "აგენტების კანონის" განხილვას აგრძელებს

16-04-2024 16:42:47 პოლიტიკა

პარლამენტმა განსახილველად აგენტების შესახებ „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული კანონპროექტი აირჩია, შესაბამისად, პოლიტიკური ჯგუფის „საქართველოსთვის“ მიერ შემუშავებული ორი ალტერნატიული პროექტი ჩააგდო.

ხმის მიცემის პროცედურა ერთიანი კენჭისყრით ჩატარდა. „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საფუძვლად მიღებისა და ალტერნატიული პროექტების უარყოფის შესახებ პარლამენტის დადგენილებას მხარი 78-მა დეპუტატმა დაუჭირა, მის წინააღმდეგ ხმა კი 25-მა მისცა.

პარლამენტმა პროექტის განხილვა დაიწყო. მას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე წარადგენს.

„ქართული ოცნება“ მეორედ ცდილობს, მიიღოს კანონი „აგენტების“ შესახებ. როგორც განმარტეს, ახალ პროექტს ძველისგან მხოლოდ ერთი რამ განასხვავებს – ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. შესაბამისად, ორგანიზაციები, რომლებიც მათ შორის მუშაობენ ადამიანის უფლებებზე, რეფორმების ხელშეწყობაზე, კორუფციის გამოვლენაზე, იმის გამო, რომ დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოეთიდან იღებენ, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად“ მოინიშნებიან სახელმწიფოს მიერ. ხოლო დონორები, მათ შორის ევროკავშირი, აშშ – "უცხო ძალად".

ახალი ამბები

სხვა სიახლეები