ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს, არ მიიღოს "აგენტების კანონი"

16-04-2024 16:20:48 პოლიტიკა

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი მაიკლ ო'ფლაჰერტი შეშფოთებას გამოხატავს საქართველოში ხელახლა ინიციირებული კანონპროექტის - „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტის“, - გამო და მიიჩნევს, რომ კანონს მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებაზე უარყოფითი გავლენა ექნება.

წერილი 11 აპრილით თარიღდება, თუმცა მის შემსახებ მხოლოდ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ის 16 აპრილს ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა წერილი სოციალურ ქსელ X-ზე, საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.

წერილში მაიკლ ო'ფლაჰერტი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, თავი შეიკავოს კანონის მიღებისგან და ითანამშრომლოს საერთაშორისო პარტნიორებთან.

"აღვნიშნავ, რომ ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ საქმეში “Ecodefence და სხვები რუსეთის წინააღმდეგ ხაზგასმით აღნიშნა, რომ “იმისთვის, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს შეეძლოთ თავიანთი როლი “საზოგადოების ვოჩდოგისა”, მათ თავისუფლად უნდა შეეძლოთ დაფინანსების მოთხოვნა და მიღება სხვადასხვა წყაროებიდან. ამ წყაროების მრავალფეროვნებამ შეიძლება გააძლიეროს ასეთი დაფინანსების მიმღებთა დამოუკიდებლობა დემოკრატიულ საზოგადოებაში”. მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაცია Rec(2007)14 ევროპაში არასამთავრობო ორგანიზაციების სამართლებრივი სტატუსის შესახებ 50-ე მუხლში ადგენს, რომ “არასამთავრობო ორგანიზაციები თავისუფლები უნდა იყვნენ დაფინანსების მოთხოვნასა და მიღებაში - ფულადი ან ნატურალური შემოწირულობები - არა მხოლოდ საკუთარი სახელმწიფო ორგანოებიდან, არამედ ინსტიტუციური ან ინდივიდუალური დონორებისგან, სხვა სახელმწიფოს ან მრავალმხრივი უწყებებისგან, რომლებიც ექვემდებარება მხოლოდ საბაჟო, სავალუტო და ფულის გათეთრების კანონებს და ასევე კანონებს, რომლებიც არჩევნებს და პოლიტიკური პარტიების დაფინანსებას ეხება”.

გარდა ამისა, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის (ECHR) მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, გაერთიანების თავისუფლების ნებისმიერი შეზღუდვა უნდა იყოს დადგენილი კანონით, რაც მოითხოვს სიცხადისა და განჭვრეტადობის ტესტს. ეს ასევე აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში. აუცილებლობის ცნება მოიცავს ორ პირობას: ნებისმიერი ჩარევა უნდა შეესაბამებოდეს “აუცილებელ სოციალურ საჭიროებას” და ჩარევა უნდა იყოს პროპორციული ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად. გარდა ამისა, ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-14 მუხლის თანახმად, შეზღუდვა უნდა იყოს არადისკრიმინაციული.

რაც შეეხება აუცილებლობის ასპექტს, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების დაფინანსებასთან მიმართებაში გამჭვირვალობის გაზრდის მიზანი შეიძლება შეესაბამებოდეს უწესრიგობის პრევენციის ლეგიტიმურ მიზანს ECHR-ის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტში, როგორც ეს სასამართლომ აღნიშნა ზემოხსენებულ გადაწყვეტილებაში. თუმცა, ეს არ უნდა მოხდეს არაპროპორციული საშუალებებით და ადამიანის უფლებებითა და თავისუფლებებით ეფექტური სარგებლობის საზიანოდ. კერძოდ, გაერთიანების თავისუფლების შესახებ OSCE-ODIHR-ისა და ვენეციის კომისიის სახელმძღვანელო პრინციპების თანახმად, “იმის უზრუნველსაყოფად, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში სახელმწიფოს ჩარევა ფუნდამენტური თავისუფლებების განხორციელებაში არ სცდება აუცილებლობის საზღვრებს დემოკრატიულ საზოგადოებაში, მოითხოვს გონივრული ბალანსის დამყარებას ყველა საპირისპირო ინტერესებს შორის და იმის უზრუნველყოფას, რომ არჩეული საშუალებები იყოს ყველაზე ნაკლებად შემზღუდველი საშუალება ამ ინტერესების სამსახურში.

კანონის მიღების შემთხვევაში, ამ კანონის იმპლემენტაცია დიდი ალბათობით გამოიწვევს იმ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების და მედიის სტიგმატიზაციას და დისკრედიტაციას, ვინც მათი საქმიანობისთვის დაფინანსებას უცხოეთიდან იღებენ, მათ შორის სახელმწიფო ინსტიტუტების და საზოგადოების თვალში, რაც მათი აქტივობების განხორციელებას ხელს შეუშლის.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მე ვთხოვ პარლამენტის წევრებს, რომ თავი შეიკავონ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღებისგან. მოვუწოდებ, ითანამშრომლონ პარტნიორებთან ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე, მათ შორის ევროპის საბჭოსთან იმ საკითხებზე, თუ როგორ უნდა შეიქმნას შესაფერისი გარემო ქვეყანაში არაკომერციული ორგანიზაციების და მედიის ლეგიტიმური საქმიანობისთვის.

მადლიერი ვიქნები, თუ უზრუნველყოფთ, რომ პარლამენტის ყველა წევრმა მიიღოს ამ წერილის ასლი. მზად ვარ, გავაგრძელო კონსტრუქციული დიალოგი ამ თემაზე და საქართველოში ადამიანის უფლებების სხვა საკითხებზე" - ვკითხულობთ წეერილში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები