"ქმრის მკვლელობა ძმის მუქარის გამო დაიბრალა" –  პროკურატურა ხელაძის საქმეში ახალ გარემოებებზე ინფორმაციას ავრცელებს

16-04-2024 15:53:30 საზოგადოება ,სამართალი

სამტრედიაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული ქალისთვის ბრალდების მოხსნისა და პატიმრობიდან გათავისუფლების გარემოებებზე პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს.

პროკურატურის ვერსიის მიხედვით, ქალმა ქმრის მკვლელობა მუქარის საფუძველზე დაიბრალა. ამჟამად მის წინააღმდეგ რჩება გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების ბრალდება და სასამართლომ აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გირაოთი შეეცვალა. მანამდე ნატო ხელაძისთვის ბრალდების მოხსნასა და გათავისუფლებაზე მისი ადვოკატი წერდა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიების ფარგლებში, პირველ ეტაპზე ბრალდებულს მეუღლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე წარედგინა ბრალდება, თუმცა გამოძიების მიერ მოპოვებული ახალი მტკიცებულებებით და ახალი გარემოებებით დადგინდა, რომ 2 აპრილს, სამტრედიაში, ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე დაზარალებული მეუღლის ძმამ მოკლა. შემთხვევის ადგილზე მყოფმა პირებმა მომხდარის შესახებ გამოძიებას ცრუ ინფორმაცია მიაწოდეს.

ასევე, გარდაცვლილის მეუღლემ ძმის მუქარის გამო, გამოძიებას ცრუ ინფორმაცია მიაწოდა და განაცხადა, რომ მკვლელობა თავად ჩაიდინა.

მოპოვებული ახალი მტკიცებულებების საფუძველზე, დაკავებულს ახალი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით (პირადი მოტივით ცრუ ინფორმაციის მიწოდება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის საქმეზე) წარედგინა.

გამოძიების პროცესში, ბრალდებულმა ითანამშრომლა გამოძიებასთან და საქმისთვის მნიშვნელოვანი გარემოებების შესახებ დამატებით ინფორმაცია მიაწოდა, რის გამოც პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გირაოთი შეიცვალა",– იტყობინება პროკურატურა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები