"ფლანგვის დეტექტორი": საქართველო 62 კაპიტალურ პროექტში 32 მილიარდს დახარჯავს, მათ უცხოელი დონორები აფინანსებენ

16-04-2024 11:57:57 საზოგადოება

"ფლანგვის დეტექტორის" ინფორმაციით, საქართველო ჯამში 62 კაპიტალურ პროექტში 2027 წლამდე სულ 32 მილიარდ ლარს დახარჯავს. მათგან უმსხვილესი პროექტები ნაწილობრივ ან სრულად უცხოელი დონორებისგან ფინანსდება.

გრანტების საშუალებით ხორციელდება მნიშვნელოვანი პროექტები, მაგალითად, მყარი ნარჩენების გადამუშავება, რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარება, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მოდერნიზაცია-მშენებლობა, წყლის ინფრასტრუქტურის განახლება, წყალარინების სისტემის განახლება, კომუნალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და სხვა.

"საქართველო წლებია, ევროკავშირისგან და დასავლელი პარტნიორებისგან მილიარდობით ლარის ოდენობის გრანტს იღებს სხვადასხვა პროექტის განხორციელებისთვის.

ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების შემდეგ, საქართველოს მთავრობის ნაბიჯები და გზავნილები ევროკავშირისა და დასავლეთისადმი მეტად კონფრონტაციული გახდა.

ევროკავშირის წევრობის მოლაპარაკებების გახსნა საქართველოს დემოკრატიულ პროგრესზეა დამოკიდებული, რომელთანაც ე.წ. რუსული კანონი წინააღმდეგობაში მოდის," - წერს "ფლანგვის დეტექტორი."

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ დემოკრატიულ პროგრესზე დამოკიდებული ევროინტეგრაციისა და საერთაშორისო პარტნიორთა მიერ საქართველოს მიმართ მილიარდობით ლარის ღირებულების დახმარების ფონზე, გამორჩეულად საგანგაშოა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, ღია კონფრონტაციაში შევიდეს დასავლეთთან.

Новости

Другие новости