ლილუაშვილი: ხელისუფლება არჩევნების მოპარვას ცდილობს

16-04-2024 11:43:10 პოლიტიკა

პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა ბექა ლილუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ გუშინ ხელისუფლებამ არ გამოიყენა მათ მიერ შეთავაზებული გამოსავალი და ჩააგდო ალტერნატიული პროექტები, რაც იყო "ერთიანობის უნიკალური შანსი მომიტინგეების და ხელისუფლების გაერთიანების და ერთად ევროპისკენ სვლისთვის", შესაბამისად, გამოჩნდა, რომ „ ქართული ოცნების“ მიზანი „საზოგადოების გახლეჩა, რადიკალიზება და არჩევნების მოპარვის მცდელობაა.“

მისი თქმით, "ხალხმა ხელისუფლების მიერ მათი ხელოვნურად დაპირისპირების მცდელობას, უპასუხა ერთიანობით, ზუსტად ერთიანობით უნდა მივიდეთ არჩევნებამდე და დავიცვათ ქვეყნის მომავალი, რაც არჩევნების დაცვაზე გადის".

"ახლაც ხელისუფლება ცდილობს არჩევნების მოპარვას. დღეს „ოცნება“, სატელიტებთან ერთად, კიდევ ერთ ნაბიჯს გადადგამს არჩევნების გაყალბებისკენ. მიმდინარე პროტესტის ფონზე მიმდინარეობს ცესკოს თავმჯდომარის და წევრების არჩევა; ცესკოს საბოლოოდ დაქვემდებარებით და ადგილობრივი ფეოდალების გაძლიერებით კანონში, კიდევ უფრო ნათელს ხდის „რუსული კანონის“ მიღების მიზანსაც: ამ კანონის მიღებით, ხელისუფლება გეგმავს ჩვენი პარტნიორები მტრად გამოაცხადოს, მათი რეპუტაციის შტურმით - სცადოს მოპარული არჩევნების შედეგების „გაპრავება“.

დღეს გამოჩნდება, ვინ მიიღებს მონაწილეობას არჩევნების მოპარვაში მცდელობაში და გააკეთებს არჩევანს ევროპის საწინააღმდეგოდ და ოკუპანტის სასარგებლოდ.

ჩვენ, არ დავუშვებთ არჩევნების მოპარვას! დღეს კიდევ უფრო ნათელია, რომ ქვეყნის ევროპული მომავალი არჩევნების დაცვაზე გადის და როგორი და რამდენი კანონიც არ უნდა მიიღოს „ოცნებამ“ არჩევნებამდე დარჩენილ მოკლე დროში, ის უკვე დამარცხებულია. საქართველო უკვე ევროპაა. არა - რუსეთს“, - აღნიშნა ბექა ლილუაშვილმა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები