ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენების დაიჯესტი - 8-10 აპრილი

16-04-2024 10:22:40 კონფლიქტები

ბჟანიას „ანტისახალხო ინიციატივებზე“ უარის თქმა მოსთხოვეს

ოკუპირებულ აფხაზეთში არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა, რომლის ფარგლებშიც შეთანხმებულ იქნა რეზოლუცია-მიმართვის ტექსტი. კერძოდ, შეხვედრის მონაწილეებმა ასლან ბჟანიას მიმართეს, ათი დღის ვადაში საჯაროდ თქვას უარი იმ ანტისახალხო ინიციატივებსა და „კანონპროექტებზე“, რომლებიც „საფრთხეს უქმნის ეროვნულ ინტერესებს და აფხაზეთის მოქალაქეების კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს“. მათ აღნიშნეს, რომ მოთხოვნების არდაკმაყოფილების შემთხვევაში, საერთო ეროვნულ თანხმობას გამოაცხადებენ.

შეხვედრის მონაწილეები „ეროვნული ინტერესების“ მთავარ საფრთხედ სწორედ დე ფაქტო ხელისუფლების ხელმძღვანელობას მიიჩნევენ. საუბარია ისეთ საკითხებზე, როგორიც არის ე.წ. აგენტების შესახებ კანონი, ბიჭვინთის აგარაკის გასხვისება, აპარტოტელების მშენებლობა, ცილისწამების თაობაზე „საკანონმდებლო ცვლილებები“ და სხვ. ამასთან, შეხვედრის მონაწილეებმა შემაშფოთებელი უწოდეს აფხაზეთის ლიდერის საჯარო განცხადებებს „სუვერენიტეტის გაზიარების“ აუცილებლობის თაობაზე. ისინი ასევე საომარი მოქმედებების დაწყებამდე „საქართველოს ექსპანსიონისტურ პოლიტიკას“ შეეხნენ და გაიხსენეს ასლან ბჟანიას გაკეთებული კომენტარი, როდესაც მან აღნიშნა: „აფხაზეთში 540 ათასი ადამიანი ცხოვრობდა და ადგილი ყველას ჰყოფნიდა, ხომ არ ვიჭყლიტებოდით?“

დოკუმენტში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია ე.წ. აგენტების შესახებ კანონის დამტკიცების ინიციატივაზე, რაც საზოგადოებაში მწვავე დაძაბულობას იწვევს. ამასთან, შეხვედრის მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს, რომ „ხელისუფლების“ წყალობით გაიზარდა რუსეთ-აფხაზეთის „საზღვარზე“ მოქალაქეთა დაკავების შემთხვევები. „დარწმუნებული ვართ, რუსეთ-აფხაზეთის ტრადიციულად მეგობრულ ურთიერთობებს დიდ ზიანს აყენებენ მაღალჩინოსნები, რომლებიც ჩვენი სახელმწიფოსთვის გამოყოფილ რუსულ დახმარებას იპარავენ“, - აღნიშნულია მიმართვაში.

შეხვედრის მონაწილეებმა ასევე განაცხადეს, რომ უკანასკნელ პერიოდში აფხაზეთში მკვეთრად გაუარესდა სოციალური და კრიმინოგენური მდგომარეობა. მათივე თქმით, „მასობრივი საპროტესტო აქციების ჩასახშობად ხელისუფლება, სამხედრო ტექნიკისა და პერსონალის გამოყენებით, ანტიკონსტიტუციურ ზომებს მიმართავს“.

მიმართვა მთავრდება სიტყვებით: „დაე გაიმარჯვოს აფხაზეთის სახელმწიფო და პოლიტიკური დამოუკიდებლობისკენ მიმავალმა კურსმა, რომელსაც განუხრელად ატარებდა მისი პირველი პრეზიდენტი, დიდი ლიდერი ვლადისლავ არძინბა!“

აფხაზეთის დე ფაქტო იუსტიციის სამინისტრომ ოთხ „პოლიტიკურ პარტიას“ გაფრთხილება მისცა

დე ფაქტო იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აფხაზეთში მოქმედი ოთხი პარტია - „აინარი“, „აკზარა“, „აფსნი“, და „აფხაზეთის ეკონომიკური განვითარების პარტია“ ე.წ. „პოლიტიკური პარტიების შესახებ კანონის“ მოთხოვნებს არღვევდა, რაც ფინანსური ანგარიშების, ტერიტორიულ განშტოებებში წევრთა რაოდენობისა და სახელმძღვანელო ორგანოს ადგილმდებარეობის მითითებით საქმიანობის გაგრძელების თაობაზე ინფორმაციის არმიწოდებაში გამოიხატა. აღსანიშნავია, რომ ოთხივე „პარტია“ ოპოზიციური ფრთის წარმომადგენელია.

„იუსტიციის სამინისტროს“ ამგვარ გადაწყვეტილებას ადგილობრივ სოციალურ მედიაში გამოხმაურება მოჰყვა. მაგალითად, ტელეგრამ-არხმა „აფხაზური პორტალი“ გაავრცელა პოსტი, რომელშიც „იუსტიციის სამინისტროს“ გაფრთხილებას მიკერძოებული უწოდა. „მოთხოვნები პოლიტიკური პარტიებისთვის, რომელთა შორის არც ერთი პროსახელისუფლებო არ აღმოჩნდა, იმაზე მიუთითებს, თუ როგორი შერჩევითობით ასრულებს სამთავრობო უწყება საკუთარ მოვალეობებს. ამიტომ გვსურს იუსტიციის მინისტრს შევახსენოთ, რომ ქვეყანაში 10-ზე მეტი პარტიაა რეგისტრირებული და კანონის მოთხოვნები მხოლოდ პოლიტიკურ ოპონენტებზე კი არა, თანამოაზრეებზეც უნდა ვრცელდებოდეს“, - ნათქვამია პოსტში. ავტორი ასევე გამოთქვამს მოლოდინს, რომ „იუსტიციის სამინისტრო“, ღიაობისა და გამჭვირვალობის პრინციპის საფუძველზე, გამოაქვეყნებს ინფორმაციას „პროსახელისუფლებო“ პარტიების, როგორიც არის „ერთიანი აფხაზეთი“, „ამცახარა“, „აიტარა“ და სხვა, დაფინანსების ოდენობისა და წყაროების, მიღებული ფინანსური სახსრების გამოყენებისა და მათ საკუთრებაში არსებული ქონების თაობაზე.

დე ფაქტო პარლამენტის წარმომადგენელი თემურ ბეია: „მიწის საკითხში არის ტენდენცია, რომელიც მაწუხებს“

სოციალურ ქსელში ხშირად ვრცელდება განცხადებები აფხაზეთში მიწის ნაკვეთების გაყიდვის თაობაზე. მსგავსი განცხადებები ადგილობრივი მაცხოვრებლების დაბნეულობას იწვევს, რადგან მიწის ყიდვა-გაყიდვა აფხაზეთში ე.წ. კონსტიტუციით აკრძალულია.

აღნიშნულ საკითხს რამდენიმე თვის წინ გალის რაიონის „ადმინისტრაციის“ ყოფილი ხელმძღვანელი, ამჟამად ოპოზიციაში მყოფი თემურ ნადარაია გამოეხმაურა. მისი თქმით, ფაქტია, რომ აფხაზეთში მიწა არაოფიციალურად იყიდება. „სხვათაშორის, ეს საბჭოთა პერიოდშიც ხდებოდა. მიწა არ იყიდებოდა, მაგრამ ხალხი სახლებს ნაკვეთებით ყიდდა … დღესაც იგივე ხდება, როდესაც ხალხი იღებს რაღაც მიწას, ზოგი თავხედობით, ზოგი ხელისუფლებასთან დაახლოებით, ზოგი რაღაცნაირი უნარებით, ზოგი ყიდულობს და ყიდის... ანუ არის ბაზარი, რომელიც მუშაობს და სადაც დიდი თანხები ტრიალებს. ამ დროს, ჩვენთან მიწა ოფიციალურად არ იყიდება და ნებისმიერი, ვინც მიწაზე სამეურნეო საქმიანობას ახორციელებს, სახელმწიფოსთან საიჯარო ურთიერთობაში იმყოფება. ეს არა მხოლოდ ინვესტორს, არამედ აფხაზეთის ნებისმიერ მოქალაქეს ეხება“, - განაცხადა ნადარაიამ.

ახლახან აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი დე ფაქტო პარლამენტის აგრარული პოლიტიკის, ბუნებრივი რესურსების და ეკოლოგიის კომიტეტის ხელმძღვანელმა თემურ ბეიამ გააკეთა. კერძოდ, მან აღნიშნა, რომ „პარლამენტში“ ხშირად შედის დოკუმენტები, რომლებიც მიწის ერთი კატეგორიიდან სხვა კატეგორიაში გადატანას ითვალისწინებს. „არ შემიძლია არ აღვნიშნო ტენდენცია, რომელიც მაწუხებს როგორც დეპუტატს და მოქალაქეს. ხშირად ხდება, რომ ხელისუფლების მხრიდან მიწასთან დაკავშირებით ამა თუ იმ საკითხს ვიღებთ, რომელსაც გავლილი აქვს საქალაქო და რაიონული ადმინისტრაციების შესაბამისი სტრუქტურები და კომისიები და პარლამენტში წარდგენილია როგორც სრულყოფილად შესწავლილი და მიზანშეწონილი დოკუმენტი. თუმცა შემდგომ, ყველა პროცედურის შემდეგ ვიგებთ, რომ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლება სხვა პირებს გადაეცემა, ხოლო საუკეთესო შემთხვევაში, ნაკვეთები „დავიწყებული“ ან „გაყინული“ რჩება და იქ არაფერი არ ხდება... ამასთან, ინტერნეტ-სივრცეში ვხედავთ ბევრ განცხადებას მიწის გაყიდვის თაობაზე, თუმცა საყოველთაოდ ცნობილია, რომ მიწის გაყიდვა აკრძალულია. ისიც ხდება, რომ გამოიყოფა გარკვეული ობიექტის ასაშენებლად და ობიექტი ფაქტობრივად შენდება, მაგრამ მშენებლობა მიმდინარეობს, მაგალითად, ტერიტორიის 1/20-ზე, დანარჩენი კი გამოუყენებელი რჩება. რა თქმა უნდა, ნებისმიერი მოქალაქის ცხოვრებაში, ორგანიზაციის საქმიანობაში შეიძლება სხვადასხვა დრო დადგეს, იყოს სირთულე, ფორსმაჟორი და ა.შ., რაც ბიზნეს-გეგმებს მკვეთრად ცვლის, მაგრამ მსგავსი შემთხვევები მატულობს და ეს ტენდენცია გარკვეულ მოსაზრებებს იწვევს“, - განაცხადა ბეიამ.

„დეპუტატმა“ კიდევ ერთ გარემოებას გაუსვა ხაზი. კერძოდ, მისი მტკიცებით, მუშაობის პროცესში გამოვლინდა არაერთი შემთხვევა, როდესაც ერთი და იგივე მოქალაქეები მიწასთან დაკავშირებულ ბევრ დოკუმენტში ფიგურირებენ. „პარლამენტში მეტ ყურადღებას მივაქცევთ მიწის საკითხების გადაწყვეტას, მოვიწვევთ თავად განმცხადებლებს, ასევე უშუალოდ ხელისუფლებისა და ადგილობრივი ადმინისტრაციების წარმომადგენლებს, რომლებიც ადგილზე არსებულ სიტუაციას ზედმიწევნით ფლობენ. გარდა ამისა, შესაძლებელია მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებული გეგმების კონტროლისა და ზედამხედველობის მექანიზმის შემუშავება“, - დასძინა თემურ ბეიამ.

სოხუმში აფხაზეთ-ყირიმის დე ფაქტო მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა

სოხუმში აფხაზეთსა და ოკუპირებულ ყირიმს შორის „სავაჭრო-ეკონომიკური, სამეცნიერო-ტექნიკური და ჰუმანიტარული თანამშრომლობის სამთავრობათაშორისო კომისიის“ მეხუთე სხდომა გაიმართა. აფხაზური მხრიდან კომისიას ხელმძღვანელობდა ე.წ. ენერგეტიკისა და ტრანსპორტის მინისტრი ჯანსუღ ნანბა, ხოლო ყირიმის მხრიდან - ე.წ. მთავრობის ვიცე-პრემიერი გიორგი მურადოვი.

სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, იგეგმება ერთობლივი ბიზნეს-საბჭოს შექმნა, რომელიც მეწარმეებს პირდაპირი კავშირების დამყარებაში დაეხმარება. შეხვედრის მონაწილეების თქმით, ამჟამად აფხაზური პროდუქცია ყირიმში შუამავლის მეშვეობით ხვდება, რაც „იმპორტის“ მონაცემებზე არ აისახება. „ჩვენ არაჩვეულებრივ აფხაზურ ხილს და ციტრუსს მივირთმევთ, მაღაზიებში ბევრი აფხაზური ღვინო იყიდება, მინერალური წყალიც კი. როგორ ხდება, რომ მონაცემებში აფხაზეთიდან იმპორტირებული პროდუქტი ნულია? ეს ნიშნავს, რომ ჩვენზე ვიღაცები ფულს აკეთებენ, თანაც კარგ ფულს. ჩვენ ვთანხმდებით მნიშვნელოვან საკითხებზე, იმაზე, რომ აფხაზებს შეეძლოთ პროდუქციის მიღება პირდაპირ ყირიმიდან, ხოლო ყირიმში საქონელი პირდაპირ აფხაზეთიდან შემოვიდეს, რათა ხალხი ზედმეტი ფინანსური ვალდებულებებით არ დავტვირთოთ“, - განაცხადა ყირიმის ე.წ. მთავრობის ვიცე-პრემიერი გიორგი მურადოვმა.

გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა ქერჩში თევზის ცხიმისა და ფქვილის წარმოების ქარხნის გახსნის საკითხი, რომელიც უცხოური ინვესტიციებით აფხაზი მეწარმეების მიერ აშენდება. მონაწილეებმა საზღვაო მიმოსვლის შესაძლებლობებზეც იმსჯელეს.

შეხვედრის შემდეგ მონაწილეებმა მედიასთან კომენტარი გააკეთეს. აფხაზეთის დე ფაქტო ენერგეტიკის მინისტრის ჯანსუღ ნანბას თქმით, ყირიმსა და აფხაზეთს შორის მიღწეულ იქნა მნიშვნელოვანი წარმატება სპორტის, კულტურის, ვაჭრობის, ეკონომიკის და სხვა სფეროებში თანამშრომლობის მიმართულებით.

თავის მხრივ, გიორგი მურადოვმა განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც „10 წლის წინ ყირიმი რუსეთის შემადგენლობაში დაბრუნდა“, აფხაზეთთან სერიოზული, მრავალგანზომილებიანი ურთიერთობა ჩამოყალიბდა. „დღეს ჩვენ განსაკუთრებულ პირობებში ვცხოვრობთ. ეს აისახება ეკონომიკური კავშირების, კონტაქტების, ტრანსპორტის, ლოგისტიკური სქემების განვითარებაზე. როგორც იცით, რუსეთი ახორციელებს სპეციალურ სამხედრო ოპერაციას უკრაინაში და დღეს ჩვენ, ბუნებრივია, ვისაუბრეთ იმაზე, როგორ ავაწყოთ მუშაობა შექმნილ პირობებში. ხელი მოვაწერეთ სხდომის ოლქს. გვაქვს ღონისძიებათა ფართო გეგმა. არსებულ პირობებში მისი სრულყოფილი განხორციელება ალბათ ვერ მოხერხდება, მაგრამ გვაქვს დიდი შესაძლებლობები ყირიმსა და აფხაზეთს შორის პირდაპირი კავშირების განვითარებისთვის“, - აღნიშნა მან.

2016 წელს ოკუპირებულ აფხაზეთსა და ყირიმს შორის გაფორმდა „შეთანხმება სავაჭრო-ეკონომიკური, სამეცნიერო და ჰუმანიტარულ სფეროებში თანამშრომლობის“ შესახებ, რომლის საფუძველზე 2018 წელს ე.წ. სამთავრობათაშორისო კომისიის პირველი შეხვედრა გაიმართა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები