აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი "აგენტების" შესახებ კანონპროექტს კვლავ ეხმიანება: "რადგან ჯერ კანონპროექტია, არ ვისაუბრებ შედეგებზე"

16-04-2024 00:39:04 პოლიტიკა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში კიდევ ერთხელ ეხმიანებიან "აგენტების" შესახებ კანონპროექტს და აღნიშნავენ, რომ ამ კანონის მიღება "საქართველოს ევროპული გზიდან გადახვევას გამოიწვევს".

ამასთან, მან თავი შეიკავა შესაძლო შედეგებზე საუბრისგან, "რადგან ეს ჯერ კიდევ კანონპროექტია".

"ჩვენ ღრმად შეშფოთებულები ვართ, რომ ეს კანონპროექტი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ საქართველოს მოქალაქეების ცხოვრების გასაუმჯობესებლად, ზიანს მიაყენებს და საქართველოს ევროპული გზიდან გადახვევას გამოიწვევს. ჩვენ ასევე შეშფოთებულები ვართ, რომ ეს კანონპროექტი დამოუკიდებელ მედია ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ საქართველოს მოქალაქეებისთვის მაღალი ხარისხის ინფორმაციის უზრუნველსაყოფად, ხელს შეუშლის, მაგრამ რადგან ეს ჯერ კიდევ კანონპროექტია, არ ვისაუბრებ რაიმე შედეგებზე“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს–სპიკერმა მეთიუ მილერმა.

დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „აგენტების" შესახებ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. საკომიტეტო განხილვა პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა.

ხვალ "აგენტების" შესახებ კანონპროექტის გასაპროტესტებლად პარლამენტთან ორი აქცია დაანონსდა. პირველი 12:00 სთ–ზე საკანონმდებლო შენობის უკან, მეორე კი 19:00 სთ–ზე საკანონმდებლო შენობის წინ გაიმართება.

„ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავს ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა. მმართველი პარტია კანონის საგაზაფხულო სესიის ბოლომდე - ივნისის ბოლო პარასკევამდე - მიღებას გეგმავს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები