ევროპულმა სასამართლომ რუსი მილიარდერების – მიხაილ ფრიდმანისა და პიოტრ ავენის წინააღმდეგ სანქციები გააუქმა

10-04-2024 14:40:48 ევროპა

ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ გადაწყვიტა, გააუქმოს ევროკავშირის მიერ რუსი მილიარდერების მიხაილ ფრიდმანისა და პიოტრ ავენის წინააღდეგ დაწესებული საქნციები. შესაბამისი გადაწყვეტილება სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ ფრიდმანი (რუსეთისა და ისრაელის მოქალაქე) და ავენი (რუსეთისა და ლატვიის მოქალაქე), რომლებიც არიან Alfa Group-ის მთავარი აქციონერები, ევროკავშირის სანქციების სიებში ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით მოხვდნენ, რადგან ეს უკანასკნელი მათ სანქცირებულ პირებთან, ასევე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ასოცირებულად მიიჩნევდა.

სასამართლო პროცესზე ბიზნესმენები ამტკიცებდნენ, რომ წარდგენილი მტკიცებულებები იყო არასანდო. ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლო მოსარჩელეებს დაეთანხმა, რომ ბიზნესმენების სანქციების სიაში შეყვანის მიზეზები საკმარისად არ იყო დასაბუთებული.

კერძოდ, სასამართლომ დაადგინა, რომ ბიზნესმენებსა და პუტინს შორის, ისევე როგორც მისი გარემოცვის წევრებთან „სიახლოვის ხარისხი“ არ მიუთითებს იმაზე, რომ "ისინი მხარს უჭერდნენ ქმედებებს ან პოლიტიკას, რომელიც ძირს უთხრის ან საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას.”

სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ ეს ასევე არ მიუთითებს იმაზე, რომ ბიზნესმენებმა „მატერიალური ან ფინანსური დახმარება გაუწიეს იმ პირებს, რომლებიც პასუხისმგებელნი იყვნენ ყირიმის ანექსიაზე ან უკრაინის დესტაბილიზაციაზე“.

ფრიდმანი და ავენი ევროკავშირის სანქციების ქვეშ მოექცნენ რუსული არმიის უკრაინაში შეჭრიდან მალევე – 2022 წლის თებერვლის ბოლოს. ავენის წინააღმდეგ შეზღუდვები ოფიციალურად აიხსნებოდა იმით, რომ მან „ისარგებლა ხელისუფლებაში თავისი კავშირებით“, ხოლო ფრიდმანის წინააღმდეგ იმით, რომ მან „მყარი კავშირების დამყარება მოახერხა ვლადიმირ პუტინის ადმინისტრაციასთან“.

სანქციების ფარგლებში, ევროკავშირში ბიზნესმენების ყველა აქტივი გაიყინა. მათ ასევე აეკრძალათ გაერთიანების წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე შესვლა. 2022 წლის გაზაფხულზე ბიზნესმენებმა შეიტანეს სარჩელი ევროკავშირის სასამართლოში და გაასაჩივრეს შეზღუდვები.

მიმდინარე წლის მარტში ევროკავშირმა სანქციებიდან გამორიცხა Yandex-ის დამფუძნებელი არკადი ვოლოჟი და მილიარდერის დიმიტრი მაზეპინის ვაჟი, მრბოლელი ნიკიტა მაზეპინი. სანქციები ასევე მოუხსნეს AFK Sistema-ს ყოფილ ვიცე-პრეზიდენტ სერგეი მედოიანცს და "ღამის მგლების" მოტოკლუბის ევროპული ფილიალის პრეზიდენტ ჯოზეფ ჰამბლეკს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები