სამხრეთ აფრიკაში მომლოცველების ავტობუსი გადაიჩეხა, ერთადერთი გადარჩენილი რვა წლის გოგონაა

29-03-2024 18:09:03 მსოფლიო

სამხრეთ აფრიკაში, ლიმპოპოს პროვინციაში ავტობუსი 50 მეტრის სიმაღლიდან გადაიჩეხა ხევში. შედეგად 45 ადამიანი დაიღუპა. ერთადერთი გადარჩენილი 8 წლის გოგონაა, რომელიც საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში გადაიყვანეს.

იტყობინებიან, რომ ავტობუსი ჯერ ბარიერს დაეჯახა, გადაჩეხვის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ცხედრები ძლიერ არის დაზიანებული და ამ დროისთვის მხოლოდ ცხრა ადამიანის იდენტიფიცირება მოხერხდა.

მგზავრები იყვნენ მომლოცველები, რომლებიც გაბორონედან მიემგზავრებოდნენ სააღდგომო წირვაზე ქალაქ მორიაში.

ტრანსპორტის დეპარტამენტის სპიკერმა კოლინ მსიბიმ BBC-ის უთხრა, რომ გოგონა, რომელიც გადარჩა, ამჟამად "საავადმყოფოშია. მე მითხრეს, რომ სტაბილურ მდგომარეობაშია".

„ჩვენ ვეჭვობთ, რომ როდესაც ავტობუსი ხიდის ბარიერს დაეჯახა, ბავშვი ავტობუსიდან გადმოაგდეს და სწორედ ასე შეძლო ბავშვმა გადარჩენა“, - თქვა მსიბიმ.

სამაშველო სამუშაოები ხუთშაბათს გვიან საღამოს დაიწყო და დილით გაგრძელდა.

ქვეყნის ტრანსპორტის მინისტრმა სინდისივე ჩიკუნაგამ, რომელიც შემთხვევის ადგილს ეწვია, ავარიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს მიუსამძიმრა.

მინისტრმა დასძინა, რომ მთავრობა ცხედრების სამშობლოში დაბრუნებას ხელს შეუწყობდა და ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზების გამოძიებას დაიწყებდა.

როგორც მედია წერს, სამხრეთ აფრიკას საგზაო უსაფრთხოების კუთხით ცუდი მაჩვენებელი აქვს.

ტრანსპორტის მინისტრმა eNCA-ს უთხრა, რომ გზა, საიდანაც ავტობუსი გადავარდა, „ცნობილია მკვეთრი მოსახვევებით. ეს არის გზა, რომელზედაც არასდროს ვურჩევდი ვინმეს მართოს ისეთი მძიმე მანქანა, როგორიც არის ავტობუსი ან სატვირთო“.

კატასტროფის წინ გამოქვეყნებულ სააღდგომო გზავნილში სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტმა კირილ რამაფოსამ მოუწოდა მოქალაქეებს, „ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ ეს აღდგომა უსაფრთხო იყოს“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები